რუსეთი აცხადებს, რომ გამოხატა „კეთილი ნება“ და კუნძულ ზმეინიდან ჯარი გაიყვანა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კუნძულ ზმეინიდან, „კეთილი ნების ნიშნად“ რუსული ჯარი გაიყვანეს.

„ამით, მსოფლიო საზოგადოების წინაშე მოხდა იმის დემონსტრირება, რომ რუსეთის ფედერაცია არ უშლის გაეროს ძალისხმევას, რომ ორგანიზება გაუკეთოს ჰუმანიტარულ დერეფანს, უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების გატანის მიზნით“, - ამტკიცებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ახლა ხორბლისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიწოდების აღსადგენად, უკრაინულმა მხარემ შავი ზღვის პორტებთან, სანაპირო და აკვატორია უნდა განაღმოს. 

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ 27 ივნისს, უკრაინელმა სამხედროებმა კუნძულ ზმეინზე რუსული გარნიზონის წინააღმდეგ იერიში მიიტანეს 10-ზე მეტი ზუსტი დარტყმა განახორციელეს. 


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.