სტოლტენბერგი: საჭიროა უკრაინისთვის მეტი სამხედრო დახმარების გაგზავნა

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მონაწილეობა მიიღო უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში რამშტეინის საჰაერო ბაზაზე, გერმანია, ხუთშაბათს (2022 წლის 8 სექტემბერი).

გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა მეტი სამხედრო დახმარების გაგზავნა უკრაინაში, რათა მან თავიდ დაცვა შეძლოს. სტოლტენბერგი მიესალმა იმ ფაქტს, რომ ალიანსის მოკავშირეები უკრაინის უფრო მეტ სამხედრო, ფინანსურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას განაგრძობენ.

გერმანიაში, რამშტეინის საჰაერო ბაზაზე, უკრაინის სხვადასხვა მოკავშირე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლოიდ ოსტინის ხელმძღვანელობით ჩატარდა.

„ახლა ჩვენ ვხედავთ ჩვენი საერთო ძალისხმევის აშკარა წარმატებას ბრძოლის ველზე. ყოველდღე ვხედავთ მოკავშირეებისა და პარტნიორების მონდომებას, დაეხმარონ უკრაინას, რუსეთის მიერ წარმოებული უკანონო, იმპერიული და გაუმართლებელი დამპყრობლური ომის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ უარს ვამბობთ ისეთ სამყაროში ცხოვრებაზე, სადაც დიდი სახელმწიფოები ძალის გამოყენებით არღვევენ საზღვრებს. უკრაინის თავდაცვის ფუნდამენტური უფლებისადმი ჩვენი მხარდაჭერა, განსხვავებული მოსაზრებების გამო არ დაირღვევა. ამ ომის სახე იცვლება, ისე როგორც ამ საკონტაქტო ჯგუფის მისია“, - განაცხადა ოსტინმა. 

ამ ფორმატში ეს უკვე მეხუთე შეხვედრაა. პირველი შეხვედრა 26 აპრილს გაიმართა და მას 43 ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ესწრებოდა.


ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.