გავრცელებული ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები და მათი გარემოცვა ლუგანსკის რეგიონიდან გარბიან და რუსეთისკენ მიემართებიან.
ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი გაიდაიმ განაცხადა.
„უკრაინის დროშა, რომელიც ჩვენმა პარტიზანებმა წუხელ კრემინის (კრემენაია - ქალაქი უკრაინაში. მდებარეობს ლუგანსკის ოლქში) ადმინისტრაციის შენობის თავზე აღმართეს, ხელუხლებელი რჩება, რადგან რაშისტებმა, როგორც ჩანს, ყველაფერი გაიგეს და ვერ ბედავენ მის ჩამოგდებას. რუსები და კოლაბორანტები გარბიან ლუგანსკის რეგიონიდან. მიემართებიან რუსეთისკენ“, - აღნიშნა გაიდაიმ.
რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა.
უკრაინულმა ძალებმა მდინარე დნიპროზე, ხერსონის სამი ძირითადი ხიდის მიმართულებით დარტყმები ივლისში დაიწყეს.
ამასთან, აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა CNN-თან განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა უკრაინის სამხრეთში დაიწყეს ოპერაციების „ფორმირება“, რათა ტერიტორია ძირითადი კონტრშეტევისთვის მოემზადებინათ.
ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.