"რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია იმის ნიშანია, რომ მოსკოვი სავალალო სიტუაციაშია", - ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუსაუსკამ სოციალურ ქსელში დაწერა.
„პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია დღეიდან ხელს შეუწყობს ახალი საზარბაზნე ხორცის მომარაგებას თითქმის განადგურებული შენაერთების შესავსებად და ძველი ტანკებით ცუდად გაწვრთნილი ჯარების ახალი ტალღის გაგზავნას“, - აცხადებს ლიეტუვის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი.
ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს. ამის შესახებ BBC ვლადიმერ პუტინის ტელემიმართვის შედეგ წერს.
„ვინც ამ გზით ცდილობს ჩვენს შანტაჟს, უნდა იცოდეს, რომ ვარდის ქარი შეიძლება მათი მიმართულებით შემობრუნდეს“, - აღნიშნა პუტინმა.
BBC-ის ცნობით, პუტინი ამბობს, რომ დასავლეთი აშანტაჟებს რუსეთს, მაგრამ რუსეთს აქვს ბევრი იარაღი, რომლითაც უნდა უპასუხოს.
„ჩვენ გამოვიყენებთ ყველა რესურსს, რაც გვაქვს, ჩვენი ხალხის დასაცავად,” - განაცხადა პუტინმა.
დღეს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
პუტინის განცხადებას წინ უსწრებდა რუსეთის დუმის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სამხედრო მობილიზაციის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელი მკაცრდება.
ასევე 20 სექტემბერს, თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება. ამასთან, ზაპოროჟიეს ოლქის რუსეთში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი შესაძლოა, უახლოეს დღეებში ჩატარდეს.