შეერთებული შტატები უკრაინის მიერ ლიმანის გათავისუფლების გამო, კმაყოფილებას გამოთქვამს. აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლიმანის გათავისუფლებას მნიშვნელოვან წარმატებად აფასებს. ამ თემაზე ჟურნალისტებს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ესაუბრა.
ოსტინმა აღნიშნა, რომ ლიმანის მახლობლად მდებარე მარშრუტებზე წვდომის დაკარგვა, რომელიც საშუალებას აძლევდა რუსეთს, თავისი ჯარები ქალაქის სამხრეთსა და დასავლეთით შეტევისთვის მოემარაგებინა, „რუსეთისთვის მომავალში ერთგვარ დილემას ქმნის“.
ოსტინმა აღნიშნა, რომ ლაიმანი განლაგებული იყო მიწოდების ხაზების გასწვრივ, რომელსაც რუსეთი თავისი ჯარებისა და მასალების სამხრეთისა და დასავლეთისკენ გადასაადგილებად იყენებდა.
მისივე განმარტებით, ამ მარშრუტების გარეშე, რუსეთს ბრძოლის ველზე გაუჭირდება.
„რას ნიშნავს ეს პოტენციური ესკალაციის თვალსაზრისით, მე არ ვაპირებ ამაზე სპეკულირებას. მაგრამ რას ნიშნავს ეს ბრძოლის ველზე? უკრაინელები განაგრძობენ პროგრესს. ისინი აგრძელებენ რუსებისთვის პრობლემების შექმნა, რომელთა მოგვარებაც მათ მოუწევთ“, - აღნიშნა ოსტინმა.
რუსეთი ლიმანს დონეცკის რეგიონის ჩრდილოეთში ოპერაციებისთვის ლოგისტიკურ და სატრანსპორტო კვანძად იყენებდა. მისი დაკავება უკრაინის მიერ, ბრძოლის ველზე მიმდინარე თვეს ყველაზე დიდი მიღწევაა.
უკრაინულმა ძალებმა ლიმანი პირველ ოქტომბერს გაათავისუფლეს.
პუტინმა 30 სექტემბერს უკრაინის ტერიტორიების ანექსია ოფიციალურად გააფორმა.
უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა.
14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა.
უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს.
დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.