- NATO-ს თავდაცვის მინისტრები იკრიბებიან ჩვენი უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტ მომენტში, აცხადებს სტოლტენბერგი
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსი მზადაა, უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს იმ ფონზე, როდესაც რუსეთი დამატებითი ძალების მობილიზებას ახდენს. სტოლტენბერგი ამბობს, რომ რუსეთი ომის კიდევ უფრო ესკალაციას ახდენს.
„ჩვენ ვნახეთ ომის ყველაზე სერიოზული ესკალაცია რუსეთის შეჭრის შემდეგ. რუსეთი ათიათასობით ახალი ძალების მობილიზაციას ახდენს. ისინი ცდილობენ, უკანონოდ შემოერთონ ახალი უკრაინული მიწები და ჩვენ ვნახეთ განურჩეველი დარტყმები უკრაინის ქალაქებზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე მოვისმინეთ ფარული ბირთვული მუქარები მოსკოვიდან.
ეს ყველაფერი თებერვლის შემდეგ ყველაზე სერიოზულ ესკალაციას იწვევს. დღეს ჩვენ შევხვდებით უკრაინის თავდაცვის მინისტრს, მინისტრ რეზნიკოვს და მოკავშირეების გზავნილი იქნება, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინას, ჩვენ მზად ვართ გრძელვადიან პერსპექტივაში დასახმარებლად და მათ მხარს დავუჭერთ, სანამ საჭირო იქნება.
გაიმართება შეხვედრა მინისტრ რეზნიკოვთან აშშ-ის ხელმძღვანელობით უკრაინის საკონტაქტო ჯგუფში და ასევე ვახშამი NATO-ს მინისტრებთან დღეს მოგვიანებით, რომელზეც განვიხილავთ, თუ როგორ გავაძლიეროთ უკრაინის მხარდაჭერა. მთავარი პრიორიტეტი უკრაინის საჰაერო თავდაცვა იქნება.
- NATO უნიკალური პლატფორმაა. ჩვენ შეგვიძლია, ვაწარმოოთ მეტი იარაღი, მეტი საბრძოლო მასალა, გვაქვს მეტი შესაძლებლობები, რაც ჩვენ გვჭირდება, როგორც საკუთარი შეკავებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად, ასევე, იმისთვის, რომ გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის დასავლელი მხარდამჭერები ცდილობენ, კიევი საჰაერო თავდაცვითი საშუალებებით უზრუნველყონ, რათა უკრაინა რუსეთის განურჩეველი სარაკეტო თავდასხმებისგან მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიცვან.
იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვა მთავარი პრიორიტეტია.
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) შეხვედრა თავდაცვის მინისტრების დონეზე, ბრიუსელში იმართება. შეხვედრას NATO-ს შტაბ-ბინაში, ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უძღვება.
10 ოქტომბრის დილიდან, რუსეთს მასიურად მიაქვს სარაკეტო იერიში უკრაინაზე. კიევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე 80-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. პუტინმა უკრაინაზე მასიური შეტევა აღიარა და კიდევ დაიმუქრა.
აშშ-ის ინფორმაციით, რუსეთი, ყირიმის ხიდის აფეთქებამდე გეგმავდა ფართომასშტაბიან თავდასხმებს უკრაინაზე.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა.
14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა.
უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს.
დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.