იენს სტოლტენბერგი: NATO ემზადება ნებისმიერი სცენარისთვის

NATO მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობა დაბალია, მაგრამ სამხედრო ალიანსი ფხიზლად რჩება. NATO ყურადღებით აკვირდება რუსული ბირთვული ძალების მდგომარეობასა და მზადყოფნას, განსაკუთრებით რუსული ბირთვული წვრთნების დროს.

ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმზე ვირტუალური გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, რას აკეთებენ ისინი [რუსები]. ჩვენ ფხიზლად ვართ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი აპირებენ ბირთვული წვრთნების ჩატარებას. უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული თავდასხმის ან ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი დაბალია, მაგრამ, რა თქმა უნდა, პოტენციური გავლენა, შედეგი დიდია.

ასე რომ, ეს არის რისკი, რომელსაც სერიოზულად უნდა მივუდგეთ. ჩვენ ამას ვაკეთებთ,  მოსკოვს შევატყობინეთ, რომ თუ ისინი გამოიყენებენ ბირთვულ იარაღს უკრაინაში, ამას რუსეთისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება. „ჯერჯერობით, ჩვენ არ გვინახავს რაიმე ცვლილება მათ ბირთვულ მზადყოფნაში. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მუდმივად ვაკვირდებით“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ალიანსი მზად უნდა იყოს ნებისმიერი სცენარისთვის.

„ამჟამად, კრემლი იყენებს თავის ბირთვულ რიტორიკას მოკავშირეების დასაშინებლად და მათ შანტაჟისთვის, რათა შეწყვიტონ უკრაინის მხარდაჭერა; რათა პუტინმა გაიმარჯვოს უკრაინაში, ჩვენ ვერ შეგვაშინებენ და ვერ მივიღებთ რუსეთის მხრიდან შანტაჟს, რადგან ვფიქრობ, ეს ბირთვული რიტორიკაა თუ ის [პუტინი] გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს ძალიან სახიფათო გზავნილს გაუგზავნის ყველა ავტორიტარ ლიდერს, რომ როდესაც ისინი სამხედრო ძალას გამოიყენებენ სასტიკი გზით, საერთაშორისო სამართლის დარღვევით, ისინი შეძლებენ, მიაღწიონ თავიანთ მიზნებს.

ეს ჩვენ უფრო მოწყვლადს გაგხვდის, მსოფლიოს კი - უფრო საშიშს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, NATO განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას და კიევს უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემებს უახლოეს მომავალში მიაწვდის.


21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.

აშშ-ის ოფიციალური პირები მოუწოდებენ წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებს, განახორციელონ ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინზე და გააფრთხილონ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას მკაცრი ეკონომიკური და დიპლომატიური პასუხი მოჰყვება, იუწყება Politico პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა.

14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა.

უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს.

დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.