ბოლო ორი კვირის განმავლობაში, უკრაინელმა სამხედროებმა ირანული დრონების 85% ჩამოაგდეს - საჰაერო ძალები

უკრაინულმა ძალებმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩამოაგდეს ირანული წარმოების დრონების 85%, რომლებიც თავდასხმებში მონაწილეობდნენ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ირანული წარმოების უპილოტო თვითმფრინავების განლაგების შემდეგ, სამხედროებმა მეტი ცოდნა მოიპოვეს იმის შესახებ, თუ როგორ აღმოაჩინონ და გაანადგურონ ისინი. გარდა ამისა, იური იგნატმა აღნიშნა, რომ დასავლეთის სხვადასხვა ტიპის და კლასის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც უკრაინა მალე მიიღებს, ასევე ეფექტიანი იქნება ირანული დრონების ჩამოგდების მიმართულებით.

„თუ გავითვალისწინებთ ჩვენი საბრძოლო ძალებისა და საშუალებების ორკვირიან ინტენსიურ ოპერაციას უპილოტო თვითმფრინავების წინააღმდეგ, დღეს გვაქვს 85%-იანი მაჩვენებელი, განსაკუთრებით თუ ვსაუბრობთ SHAHED-136 თვითმფრინავებზე“, - განაცხადა იური იგნატმა.

უკრაინის პრეზიდენტმა 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინამ ერთი თვის განმავლობაში 233 ირანული დრონი ჩამოაგდო.

ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი.ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მა გაავრცელა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს.

20 ოქტომბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.