სირიაში, იერიშის შედეგად, ირანული დრონების ქარხანა გაანადგურეს. ამის შესახებ ისრაელის მედია წერს.
ქარხანაში მომხდარი აფეთქების შესახებ, სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრიც იუწყება.
ორგანიზაციის ცნობით, 22 ოქტომბერს ღამით, სირიის სამიზნეებზე დარტყმები ისრაელის (IDF) საჰაერო ძალებმა განახორციელეს.
სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის (SOHR) ცნობით, განადგურებული ობიექტი შეიცავდა აღჭურვილობას, რომელიც განკუთვნილი იყო უპილოტო საფრენი აპარატების ასაწყობად.
უკრაინული მედიის ცნობით, უპილოტო თვითმფრინავები ირანში იწარმოება და შემდეგ დაშლილ მდგომარეობაში სირიის ტერიტორიაზე ფარულად გადააქვთ.
ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი. ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მა გაავრცელა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გასული თვის განმავლობაში უკრაინამ 233 ირანული დრონი გაანადგურა.
10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი მასიურად ბომბავს უკრაინის ქალაქებს. მოსკოვს იერიშები მიაქვს კიევზე. ანადგურებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. კიევის ცნობით, ელექტროსადგურების 30% განადურდა, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება.
უკრაინამ დასავლეთს საჰაერო თავდაცვის სისტემების დაუყოვნებლით მიწოდებისკენ მოუწოდა. კიევი ასეთ სისტემებს პარტნიორებისგან უკვე იღებს. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს.
დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად.
20 ოქტომბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.