ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ყაზახეთის ეროვნული ბირთვული კომპანია, „ყაზატომპრომის“ კუთვნილი პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განმარტება გააკეთა.
„მიმდინარე წლის 6 სექტემბერს, საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ,,გარდაბანი“, კერძოდ, სარკინიგზო სადგურზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან, შემოვიდა ბუნებრივი ურანის კონცენტრატით დატვირთული სარკინიგზო ვაგონები (საერთო წონით 787 ტონა), რომელიც გადაადგილდებოდა ტრანზიტულად ყაზახეთის რესპუბლიკიდან კანადის მიმართულებით (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან).
ზემოაღნიშნული ტვირთი კანონმდებლობის შესაბამისად, მოექცა ტრანზიტის პროცედურაში და შემდგომი ტრანსპორტირების მიზნით, განთავსდა ერთ-ერთ საბაჟო საწყობში.
აქვე, განვმარტავთ, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და ტრანზიტისთვის განკუთვნილი აღნიშნული საქონლის გადაადგილება, ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე განხორციელდა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს საბაჟო საზღვარზე ყველა სახის საქონლის კონტროლი მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება, მათ შორის, განსაკუთრებულ კონტროლს ექვემდებარება რადიოაქტიურ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის გადაზიდვის პროცესი“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განმარტებაში.
ყაზახეთის სახელმწიფო კორპორაცია „ყაზატომპრომი“ ურანის საექსპორტო მარშრუტის ალტერნატივად, საქართველოს გავლით ტრანზიტს განიხილავს, თუკი კომპანიას მისი ძირითადი მარშრუტის გამოყენების შესაძლებლობა შეეზღუდება.
„ყაზატომპრომის” განცხადების თანახმად, ტვირთების ტრანსპორტირება მომავალში ფოთის პორტის გამოყენებით უნდა მოხდეს.
„კომპანიის კუთვნილი ტვირთი ფოთის პორტში უპრობლემოდ ჩავიდა. ტვირთი ამჟამად დამატებითი მასალის ჩასვლას ელოდება, რომ მოხდეს კონსოლიდირება და შემდეგ დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირებისთვის გემზე ჩაიტვირთოს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ამჟამად, ყაზახური ურანი მსოფლიო ბაზარს რუსეთის გავლით მიეწოდება. „ყაზატომპრომის“ ცნობით, ტრანსკასპიური მარშრუტი მათ მიერ 2018 წლიდან გამოიყენება, როგორც ძირითადი მარშრუტის ალტერნატივა, თუმცა გადაზიდვებს მაინც რუსეთის გავლით განაგრძობენ.
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთი 2024 წელს ურანის წარმოებას 25 ათასი ტონაზე შეინარჩუნებას გეგმავს.