უკრაინის მთავარი გამარჯვება, რომელსაც ხერსონის ოლქში აღწევს, კიევისთვის უკანასკნელი არ იქნება, განაცხადა ომის შემსწავლელმა ამერიკულმა ინსტიტუტმა უახლეს შეფასებაში.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბრძოლა გაგრძელდება დონეცკის ოლქში, ბახმუტში, ერთადერთ ადგილას, სადაც რუსული ძალები ჯერ კიდევ ცდილობენ მნიშვნელოვანი შეტევების წარმოებას, ხოლო ჩრდილოეთ ლუგანსკის ოლქში, უკრაინული ძალები აგრძელებენ კონტრშეტევით ოპერაციებს.
„უკრაინის ძალები, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს რაც შეიძლება მეტი ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლებას მობილიზებული რუსული ძალების განლაგებამდე. პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ 7 ნოემბერს გამოაცხადა, რომ უკრაინას არ სურს მოლაპარაკება რუსეთთან, ვიდრე უკრაინა არ აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას“, - წერია ინსტიტუტის ახალ შეფასებაში.
„ზამთარში ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ სარგებელს მოუტანს რუსულ ძალებს, რომლებიც გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას, რათა გააძლიერონ თავიანთი თავდაცვა და გააგრძელონ გენოციდური კამპანია უკრაინის იდენტობისთვის ძირის გამოსათხრელად, უკრაინის ოკუპირებულ ნაწილებში“, - წერს ISW.
Europetime-თან საუბრისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი ომის ახალი ფაზის გათვალისწინებით მიმოიხილავს, შეიცვალა თუ არა თავდაპირველი პროგნოზები საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით და როგორ და სად ხედავს იმ ეტაპს, როდესაც მოსკოვი ვეღარ განახორციელებს მსგავს თავდასხმებს უკრაინაზე.
„ჩემი ვარაუდით, კრემლი გააგრძელებს შეტევებს, თუმცა ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ზამთრის ამინდი გაართულებს სახმელეთო შეტევებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში, საჰაერო თავდასხმები გახდება ასე ვთქვათ, „დომინანტური“.
ამრიგად, უკრაინა თავის მიღწევებს ასე სწრაფად ვეღარ გააგრძელებს, მოსკოვის მარცხიც აღარ დაჩქარდება. ომი 2023 წელსაც გაგრძელდება, თუ პუტინი „სცენიდან არ იქნება ჩამოშორებული“, - ამბობს პოლ გობლი Europetime-თან.
10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი მასიურად ბომბავს უკრაინის ქალაქებს. მოსკოვს იერიშები მიაქვს კიევზე. ანადგურებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. კიევის ცნობით, ელექტროსადგურების 40%-მდე განადურდა, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება.
უკრაინამ დასავლეთს საჰაერო თავდაცვის სისტემების დაუყოვნებლით მიწოდებისკენ მოუწოდა. კიევი ასეთ სისტემებს პარტნიორებისგან უკვე იღებს. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს.
დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა.
14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა.
უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს.
- ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა.
დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.