ვიდრე პუტინის ომი გრძელდება, ის წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი და მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა.
„დღეს გავმართეთ მოკავშირეების საგანგებო შეხვედრა, რათა დაგვედასტურებინა ჩვენი სოლიდარობა უკრაინის და პოლონეთის მიმართ… ჩვენ, ყველამ მკაფიოდ უნდა გავაცნობიეროთ, რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში რომ არა ეს ყველაფერი არ მოხდებოდა. ეს არის პუტინის ომის სასტიკი და უმოწყალო რეალობა. ვიდრე ეს გრძელდება, ის წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი უსაფრთხოებისთვის და ჩვენი მოკავშირეებისთვის. ვიდრე ეს გრძელდება, ის გააგრძელებს გლობალური ეკონომიკის განადგურებას“, – განაცხადა რიში სუნაკმა.
უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა.
რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”.
აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.