დეტალურ გამოძიებამდე, პოლონეთში აფეთქების შეფასებაზე საუბარიც კი გამორიცხულია - შოლცი

პოლონეთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით დეტალურ გამოძიებამდე ნაჩქარევ შეფასებაზე საუბარიც კი გამორიცხულია, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

„ვფიქრობ, კარგი და სწორია, რომ ამ დილით, NATO-ს წევრები შეიკრიბნენ ძალიან სწრაფად, რათა განეხილათ სიტუაცია და ერთ-ერთი მკაფიო შეთანხმება, რომელსაც მივაღწიეთ არის ის, რომ ახლა საჭიროა რაკეტების ნაწილების შესწავლა. ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიების დასკვნებს, შემდეგ კი საჯაროდ უნდა გამოცხადდეს შედეგები. დეტალურ გამოძიებამდე ასეთ სერიოზულ საკითხში ნაჩქარევ შეფასებაზე საუბარიც გამორიცხულია“, -განაცხადა შოლცმა.


უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა.

რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”.

აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.