აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, პოლონეთში მომხდარ ინციდენტზე სპეციალური განცხადება გააკეთა.
„ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ წინაღმდეგობას პოლონეთის პრეზიდენტის ანდჟეი დუდას განცხადებასთან, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, აფეთქება უკრაინის საზენიტო რაკეტამ გამოიწვია, რომელიც სამწუხაროდ პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა“, - ნათქვამია აშშ-ის ნაციონალური საბჭოს პრესმდივნის, ედრიენ უოტსონის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ენდობა პოლონეთს, რომელიც ამ საქმეს იძიებს და ამ ფონზე მიიჩნევს, რომ წინმსწრები განცხადებების გაკეთება ნაადრევია.
ამასთან, ადმინისტრაცია აცხადებს, რომ გამოძიებით რა შედეგიც არ უნდა დადგეს, ამ ტრაგიკულ შემთხვევაში რუსეთია დამნაშავე, რადგან უკრაინის ინფრასტრუქტურაზე მიიტანა იერიში.
„უკრაინას აქვს, ჰქონდა და ყოველთვის ექნება თავდაცვის უფლება“, - ნათქვამია განცხადებაში.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.
16 ნოემბერს, პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ გამოთაქვა ეჭვი, რომ „დიდი ალბათობით“ რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაისროლა.
მოგვიანებით, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ პოლონეთში მომხდარი ინციდენტის გამო, NATO-ს ქვეყნები არ აპირებენ აამოქმედონ ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების მე-4 მუხლი, რომელიც გარე საფრთხეზე რეაგირების მექანიზმია.
Reuters-მა NATO-ს წყაროზე დარდნობით დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „დიდი შვიდეულის“ (G7) და NATO-ს პარტნიორებს უთხრა, რომ აღმოსავლეთ პოლონეთში აფეთქება უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ გამოიწვია.
თუმცა მანამდე, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთში აფეთქებული რაკეტა რუსეთიდან ისროლეს.