იენს სტოლტენბერგი: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ რუსეთი NATO-ზე თავდასხმას ამზადებს

„არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ რუსეთი, NAT0-ს წინააღმდეგ თავდასხმას ამზადებს“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე, პოლონეთში მომხდარ ტრაგიკულ ინციდენტთან დაკავშირებით, სადაც 15 ნოემბერს, რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

სტოლტენბერგი ვარაუდობს, რომ პოლონეთის სოფელში ჩამოვარდნილი ჭურვი უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაისროლა. 

იგივე მოსაზრება გამოთქვა დღეს პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ, მანამდე კი მოსკოვისა და ვაშინგტონის წარმომადგენლებმა.

თუმცა, NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ საბოლოო დასკვნებისთვის საჭიროა გამოძიების შედეგებს დაელოდონ.

„თუ რაკეტა მართლაც უკრაინულია, NATO კიევს პრეტენზიას არ წაუყენებს, რადგან მოსკოვმა ომი გააჩაღა, უკრაინა კი მხოლოდ თავს იცავს გარე აგრესიისგან“, - განმარტა გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთში მომხდარი ინციდენტის გამო, NATO-ს ქვეყნები არ აპირებენ აამოქმედონ ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების მე-4 მუხლი, რომელიც გარე საფრთხეზე რეაგირების მექანიზმია.

მისივე თქმით, NATO-ს მოკავშირეებმა „მტკიცე მხარდაჭერა" გამოუცხადეს პოლონეთს და გამოთქვეს „უღრმესი მწუხარება ტრაგიკული შემთხვევისა და მსხვერპლის გამო".


უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა.

რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”.

აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.