უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებში ჩავიდა. ეს მისი პირველი საგარეო ვიზიტია რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ.
რამდენიმე საათში ის თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება.
თვითმფრინავი, რომელშიც ზელენსკი იმყოფებოდა, ენდრიუს საჰაერო ძალების ბაზაზე ვაშინგტონთან ახლოს, ადგილობრივი დროით შუადღისას (17:00 GMT) დაეშვა.
უკრაინის პრეზიდენტი შეერთებულ შტატებში აშშ-ის საჰაერო ძალების ბოინგ C-40B-ით (ბოინგ 737 NG-ის სამხედრო მოდიფიკაცია) პოლონეთის ქალაქ ჟესოვიდან ჩავიდა.
მედიის ცნობით, ზელენსკი პოლონეთში მატარებლით ჩავიდა. მოგზაურობისას მას თან ახლდა აშშ-ის ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი.
თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის დროს, ჯო ბაიდენი უკრაინისთვის ახალი უსაფრთხოების დახმარების შესახებ გამოაცხადებს.
ბაიდენის ადმინისტრაციის შეფასებით, ეს არის მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს, დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან.
ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს თეთრ სახლში შეხვდება. დაგეგმილია უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა კონგრესის ერთობლივ სესიაზე.
თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენი უკრაინისთვის უსაფრთხოების ახალი დახმარების შესახებ გამოაცხადებს.
აშშ-მ უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ, $19,3 მილიარდზე მეტი მოცულობის უსაფრთხოების დახმარება გამოუყო.