იუსტიციის სამინისტრომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მიხეილ სააკაშვილის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და აშშ-ის საელჩოების წარმომადგენლებთან.
„შეხვედრის ფარგლებში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ მიხეილ სააკაშვილს პენიტენციურ სისტემაში მოთავსების დღიდან მისი პირობების, მკურნალობისა და მის მიმართ მოპყრობის თაობაზე.
იუსტიციის სამინისტროსთვის პრიორიტეტია მაქსიმალური გამჭვირვალობა და მომავალშიც მოხდება საკითხის თაობაზე საზოგადოებისა და ყველა დაინტერესებული პირის ინფორმირება“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„აქ ვიყავით ევროკავშირის წევრი 15 ქვეყნის და აშშ-ის წარმომადგენლები. იუსტიციის მინისტრს შევხვდით მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით. განვიხილეთ მიმდინარე პროცედურები და ჯანმრთელობის საკითხი. დეტალებში ვერ შევალ“, - 28 დეკემბერს განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა „ფორმულას“ ცნობით.
29 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას. ადვოკატებმა სასამართლოს პირველ დეკემბერს მიმართეს.
საქართველოს პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ.
8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას:
„მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
- მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია
- „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია
- რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება
- გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.