ლევან დავითაშვილი: ანაკლიის პროექტზე, ჩვენ უკვე იანვარ-თებერვალში დავიწყებთ ინტერესთა გამოხატვის შედეგად პოტენციური პარტნიორი ინვესტორების შერჩევას

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილიმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვუში განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტისთვის, იანვარ-თებერვალში ინტერესთა გამოხატვის შედეგად პოტენციური პარტნიორი ინვესტორების შერჩევას დაიწყებენ და პროექტი სამ ეტაპად განხორციელდება. 

პირველი ეტაპის სამუშოები $300 მილიონი დაჯდება.

რაც შეეხება დაფინანსების წყაროებს, როგორც ვიცე-პრემიერი ამბობს, ამის რესურსები სახელმწიფოს გააჩნია. თანხა შესაძლოა, საპენსიო ფონდიდანაც გამოიყენონ, რადგან ეკონომიკაში ეს ფონდი ზუსტად ამ როლს ასრულებს.

„ჩვენ უკვე იანვარ-თებერვალში დავიწყებთ ინტერესთა გამოხატვის შედეგად პოტენციური პარტნიორი ინვესტორების შერჩევას. როგორც პრემიერმაც გამოაცხადა, სახელმწიფოს როლი იქნება წამყვანი ამ პროექტის განხორციელებაში. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ხელისუფლების აბსოლუტურად მართებული და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება.

შემდგომ ეტაპებზე დაზუსტდება პროექტის თანხები. სხვადასხვა ეტაპია ანაკლიის პორტის განვითარების, დაახლოებით სამი გამოყოფილი ეტაპი. პირველი ეტაპისთვის ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შეიძლება დაჯდეს 300 მლნ დოლარი. რაც შეეხება დაფინანსების წყაროებს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამის რესურსები სახელმწიფოს გააჩნია. მათ შორის სახელმწიფო საწარმოების კუთხით და სახელმწიფო საწარმოები, რომლებსაც შეუძლიათ მსგავსი ტიპის პროექტების თანადაფინანსებაში მონაწილეობის მიღება. ვფიქრობთ, რომ მათ ჯანსაღი, კარგი ფინანსური მდგომარეობა აქვთ იმისთვის, რომ მოიზიდონ ფინანსური რესურსები, როგორც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისგან, ისე ჩვენ გვაქვს შიდა რესურსები, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია.

ჩვენ გრძელვადიან სტრატეგიულ პროექტებში ვფიქრობთ, რომ გამოვიყენებთ გრძელვადიან დანაზოგებს, რომელიც იგივე საპენსიო ფონდიდან შეიძლება მომდინარეობდეს და კომბინაციაში ჩვენ ამ ფინანსების მობილიზებას უპრობლემოდ შევძლებთ. ესეც შეფასებული გვაქვს. თანხა შესაძლოა, რომ საპენსიო ფონდიდანაც გამოვიყენოთ, ზუსტად ეს არის მიზანი, ამ როლსაც ასრულებს ეკონომიკაში ეს ფონდი.

არსებობს გრძელვადიანი დაფინანსების წყარო, რომელიც უნდა იყოს მიმართული გრძელვადიანი სტრატეგიული პროექტების შესაქმნელად. იცით, რომ ბოლოს განხორციელებული ცვლილებებით, საპენსიო ფონდს ვაძლევთ საშუალებას, ასეთი ტიპის ინვესტიციების განხორციელება შეძლოს. ვფიქრობ, რომ 2023 წლის განმავლობაში, სამშენებლო სამუშაოების ეტაპზე უნდა გადავიდეთ. მთელი წლის განმავლობაში, პოტენციურ პარტნიორებთან და ინვესტორებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და ძალიან ბევრი დაინტერესებული მხარეა“, - განაცახდა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, მთლიანობაში, ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას კი 10 წელზე მეტი დასჭირდება.

„პირველ ეტაპს დასჭირდება ალბათ, დაახლოებით ორი- სამი წელი. რაც შეეხება პროექტის მთლიანად განხორციელებას, რა თქმა უნდა, გრძელვადიანია. ათ წელზე მეტს მოიცავს. იქიდან გამომდინარე, თუ რამდენი იქნება დატვირთვა, უნდა მოხდეს პროექტის მეორე და მესამე ეტაპის სამუშაოების შესაბამისად დაგეგმვა.

ესეც არის განსაზღვრული წინასწარ საპროექტო დოკუმენტაციაში, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ. მნიშვნელოვანია, რომ მალევე დავიწყოთ სამუშაოები. არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწროთ, მაგრამ ვფიქრობთ, რომ საკმაოდ ოპერატიულად შევძლებთ ინფრასტრუქტურის შექმნას.

ბუნებრივია, ეს ერთ დღეში არ შეიქმნება. საბოლოოდ, ეს იქნება დამატებითი საპორტო ინფრასტრუქტურა, რომელიც უბრალოდ უნდა ქმნიდეს უკეთეს კონკურენტულ გარემოს შავ ზღვაზე, განსაკუთრებით, ჩვენს დერეფანში. ჩვენი დერეფნის კონკურენტუნარიანობას უნდა უწყობდეს ხელს და მერწმუნეთ, ასეც იქნება“, - განაცხადა დავითაშვილმა. 


შეგახსენებთ, 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების სავარაუდო პერიოდი დაასახელა.

28 ნოემბერს, ამერიკის ელჩმს კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტით რამდენიმე კვალიფიციური ოპერატორი დაინტერესდა.


ინფორმაციისთვის, 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

მაშინ გიორგი კვირიკაშვილი აცხადებდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი.

საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს.

ასევე გაეცანით