ლევან დავითაშვილი შავი ზღვის კაბელის პროექტზე: საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტირება პროგნოზირებადი გახდება. პირდაპირ შეძლებენ წარმოებული ენერგიის ევროპულ ბაზარზე გატანას

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილიმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვუში განაცხადა, რომ დღეს ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის საქართველოს განსაკუთრებული როლი გააჩნია.

„ეს არ არის მხოლოდ ელექტროენერგიით მომარაგება, ეს არის მათ შორის გაზით, ნავთობპროდუქტებით და ა.შ. ეს პროექტი, პირველ რიგში, ჩვენთვის იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან საქართველოს ენერგეტიკის, ენერგოსისტემის დაკავშირება მოხდება ევროპის ბაზართან“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ევროპის ბაზართან დაახლოების მიზნით საქართველომ უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები.

„ჩვენ ვართ ენერგოგაერთიანების შეთანხმების წევრი. ეს არის საქართველოს მიერ ინიცირებული პროექტი, რომლის შედეგადაც საქართველოს ენერგეტიკული სექტორი გახდება უფრო მიმზიდველი ინვესტორებისთვის. მათთვის საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტირება პროგნოზირებადი გახდება. პირდაპირ შეძლებენ წარმოებული ენერგიის ევროპულ ბაზარზე გატანას. 

ამასთან, საქართველოს განახლებადი ენერგიისა და მწვანე ენერგიის წარმოების კუთხით დიდი პოტენციალი გააჩნია. ეს არის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი მოტივაცია, რის გამოც, ჩვენ ამ პროექტის ინიცირება მოვახდინეთ.

რაც შეეხება იმას, რომ საქართველო სატრანზიტო ფუნქციას შესრულებს, ეს უკვე არის დამატებითი სიკეთე. საქართველო არის მთავარი ქვეყანა რუმინეთთან ერთად. ამ პროექტის ინიცირება დავიწყეთ ორი წლის წინ. დღეს ეს პროექტი გააქტიურდა, იმიტომ, რომ ევროპას დაუდგა ენერგოსაჭიროება.

აქ არანაირ კონსპირაციებზე არ გვინდა საუბარი. საქართველოს ხელისუფლებას აქვს იმხელა პასუხისმგებლობა საქართველოს მოსახლეობის მიმართ, რომ ჩვენ უპასუხისმგებლო ნაბიჯებს არ ვდგამთ და არ გადავდგამთ“, - აღნიშნა დავითაშვილმა. 


ინფორმაციისთვის, 17 დეკემბერს ხელმოწერილი დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომლებიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან.

ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის.

რუმინული მხარის ცნობით, წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის პროექტი შავი ზღვის გავლით, ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილია ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი.

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს.

თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, ძალიან დიდი წვლილი იქნება ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში.

რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, შეთანხმების მთავარი ამოცანა ენერგოუსაფრთხოება და რეგიონალური თანამშრომლობაა.

19 დეკემბერს დღეს გახდა ცნობილი, რომ საუდის არაბეთმა გამოთქვა სურვილი, აზერბაიჯანიდან ევროპაში „მწვანე“ ელექტროენერგიის ექსპორტის პროცესს შეუერთდეს.

ამ დრომდე ოფიციალურად არ თქმულა, საქართველოს რომელი რეგიონიდან უნდა დაწყებულიყო ელექტროგადამცემი კაბელის შავი ზღვის ფსკერზე განთავსება, თუმცა უკრაინულმა მედიამ გარკვეული ვერსია უკვე განიხილა.

კერძოდ, delo.ua-ს ცნობით, არის მოლოდინი, რომ ელექტროგადამცემი კაბელი (რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტი იქნება), შავი ზღვის ფსკერზე, სოფელ ანაკლიიდან რუმინეთის პორტ კონსტანცამდე გადაიჭიმება.