მეუფე იაკობი მიხეილ სააკაშვილზე: გმირი კაცი ერშიც გმირია და ციხეშიც გმირია. მე გამოვიდოდი და თვითონ ვიტყოდი, რომ დამენახა კაცური საქციელი

გმირი კაცი ერშიც გმირია, ბრძოლაშიც გმირია და ციხეშიც გმირია. გადაგვაყოლეს ახლა - მე გამოვიდოდი და თვითონ ვიტყოდი, რომ დამენახა კაცური საქციელი, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

"დღევანდელ სიტუაციაში ქართველი ხალხის იგნორირება არ შეიძლება. კონკრეტულ ლიდერებს კი არ უნდა დაუჭირონ მხარი, ხალხის აზრი უნდა გაითვალისწინონ. შაჰ-აბასზე და თემურ-ლენგზე ტყუილად არ ვლაპარაკობდი... შენ რა იცი, უცხოელმა, ჩემს ისტორიაში ვინ არის კარგის გამკეთებელი? რომ მეუბნები, რომ ვიღაც დემოკრატიის შუქურაა, შენთვის შეიძლება იყოს, ჩემთვის კი, იქნებ, გავა წლები და შეიძლება მათ რიგებში ჩავაყენოთ... გმირი კაცი ერშიც გმირია, ბრძოლაშიც გმირია და ციხეშიც გმირია.

გადაგვაყოლეს ახლა - მე გამოვიდოდი და თვითონ ვიტყოდი, რომ დამენახა კაცური საქციელი. ხომ ხედავს, როგორია ხალხის რისხვა, გამოსულიყო და ეთქვა - მინდოდა, კარგი ქვეყანა ამეშენებინა, მაგრამ მეც ვერ მივაქციე ყურადღება, ვიღაცამ რაღაც დააშავა, ჩემი ბრალია... ხომ სხვანაირად შევხედავდით? ოცა უნდა ქართველთა პრეზიდენტია, როცა უნდა - უკრაინელია... ნუ გამოეშვათ თავიანთი ქვეყნის საჯარო სამსახურში მყოფ ადამიანს და ეს ამბები არ იქნებოდა“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.


ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.


8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას:

„მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ.


მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.