სააკაშვილი თუ მისმენს, ვეტყვი: ვერაფერსაც ვერ დაგვაკლებ - წულუკიანი

ახლა ეს სიები შეუძლიათ, შეადგინონ, მერე კარგად წაიკითხონ და შეინახონ თავიანთ რომელიმე უჯრაში, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ ე.წ. მაგნიტსკის სიას გამოეხმაურა.

„რაც შეეხება სიას, ჩვენ მაშინ არ შევუშინებივართ ე.წ. სიას, როცა გვეუბნებოდნენ - დაგიჭერთ, დაგაპატიმრებთ, ამოგალპობთ ციხეში, ხელი არ აუკანკალდებოდა არავის, როცა ამას გვეუბნებოდნენ ქართველ ხალხს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი კრიმინალი ბელადი, რომელიც ახლა სრულიად დამსახურებულად ბრძანდება ორპალატიან საკანში და პრეტენზიები აქვს. მაშინ არ შევუშინებივართ, რადგან ვიცოდით, რომ ვიბრძოდით სიმართლისთვის.

ახლა ეს სიები შეუძლიათ, შეადგინონ, მერე კარგად წაიკითხონ და შეინახონ თავიანთ რომელიმე უჯრაში. ჩვენ მიჩვეული ვართ უკვე ამ სიების შედგენას, რომ ოცნება აქვთ და ნატრულობენ, რომ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, დაიჭერენ ყველა მინისტრს, ექთნებს, ექიმებს, ამოგვალპობენ ყველას ერთად ციხეში. აი, ახლა თუ მიხეილ სააკაშვილი მისმენს, ვეტყვი, რომ ვერაფერსაც დაგვაკლებ. შენ ხარ კრიმინალი, ზიხარ იქ, სადაც უნდა იჯდე და კეთილი ინებე, მოიხადე ის სასჯელი, რომელიც მოგისაჯა საქართველოს დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა და რეფორმირებულმა სასამართლომ. ეს არის ჩვენი კანონის პატივისცემა და აღსრულებაც. ეს არის ჩემი პასუხი. დამღლელია უკვე ამდენი ვითომ მუქარის მოსმენა, რომ ჩვენ დავბრუნდებით და ყველას ამოგალპობთ ციხეში“, - განაცხადა წულუკიანმა.


ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.


8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას:

„მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ.


მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.