- ცხრა ევროპულმა ქვეყანამ „ტალინის დაპირებაზე“ ხელმოწერით აიღო ვალდებულება, უკრაინას მიაწოდოს დახმარება, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის გასათავისუფლებლად სჭირდება
ცხრა ევროპულმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას, რომელიც ცნობილია როგორც ტალინის დაპირება და რომლითაც ქვეყნები იღებენ ვალდებულებას, უზრუნველყონ უკრაინას მხარდაჭერა, რომელიც მას სჭირდება რუსეთის მიერ ამჟამად ოკუპირებული ტერიტორიის გასათავისუფლებლად.
განცხადების ავტორების თქმით, საჭირო საბრძოლო სიმძლავრის ახალი დონე მიიღწევა მხოლოდ ძირითადი საბრძოლო სატანკო ესკადრილიების კომბინაციით, საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ქვეშ, საარტილერიო დივიზიონის ჯგუფებთან ერთად მოქმედებით, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსულ ლოგისტიკურ და სამეთაურო პუნქტებზე დამიზნების საშუალებას იძლევა.
19 იანვარს, ესტონეთის დედაქალაქში გამართულ შეხვედრაზე გაერთიანებულ სამეფოს, პოლონეთს, ესტონეთს, ლატვიას და ლიეტუვას წარმოადგენდნენ თავდაცვის მინისტრები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ წარმომადგენლები დანიიდან, ნიდერლანდებიდან, ჩეხეთიდან და სლოვაკეთიდან.
ესტონეთში, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე უოლესმა განაცხადა, რომ 2023 იქნება წელი, როდესაც მსოფლიო ვლადიმერ პუტინს აჩვენებს, რომ მოკავშირეები განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას და რომ პარტნიორები ამას გრძელვადიან პერსპექტივაში გააკეთებენ. აქვე ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთი უკრაინას Brimstone-ის ტიპის 600 რაკეტას გადასცემს.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვა უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემას, ვერტმფრენებსა და საბრძოლო მასალას გაუგზავნის.
ასევე, ესტონეთი უკრაინას რეკორდული მოცულობის, 113 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს.
თავის მხრივ, ლატვია უკრაინას, Stingeri-ის ტიპის საზენიტო-სარეკეტო სისტემებს, ვერტმფრენებსა და ტყვიამფრქვევებს გაუგზავნის.
პოლონეთი უკრაინას S-60 საზენიტო იარაღს, 70000 საბრძოლო მასალას მიაწვდის. პოლონეთმა უკრაინას უკვე გადასცა 42 ქვეითი საბრძოლო მანქანა, საწვრთნელ პაკეტებთან ერთად ორი მექანიზებული ბატალიონისთვის. გარდა ამისა, პოლონეთი აგრძელებს (155 მმ KRAB) ჰაუბიცების და სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალის მიწოდებას.
დანია - 19 ფრანგული წარმოების „კეისრის“ თვითმავალი ჰაუბიცა.
ნიდერლანდები მხარდაჭერის ახალი პაკეტის შესახებ პარასკევს გამოაცხადებს.
შეგახსენებთ, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის „სტრაიკერის“ ჯავშანტექნიკის გაგზავნას განიხილავს.
ამის შესახებ Bloomberg-ს ოფიციალურმა პირმა განუცხადა.
საუბარია ახალ პაკეტზე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას კვირის ბოლომდე გამოუყოფს.
ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირების განცხადებით, უკრაინისთვის აშშ-ის უახლოესი დახმარების პაკეტი, სავარაუდოდ, არ მოიცავს ამერიკულ M1 Abrams-ის ტიპის ტანკებს.
„აბრამსის ტიპის ტანკი ძალიან რთული აღჭურვილობაა“, - განუცხადა თავდაცვის მდივნის მოადგილემ კოლინ კალმა ჟურნალისტებს პენტაგონში, 18 იანვარს, იტყობინება Bloomberg.
18 იანვარს, ევროპარლამენტმა ასევე მოუწოდა გერმანიას, დიდი ხნის დაპირებული Leopard 2-ის ტიპის ტანკები მიაწოდოს უკრაინას.
როგორც მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, ოლაფ შოლცმა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ გერმანია უკრაინას ტანკებს არ გაუგზავნის, თუ აშშ არ დათანხმდება თავისი M1 Abrams-ის ტიპის ტანკების გაგზავნას უკრაინაში, იტყობინება Reuters, რომელიც ანონიმურ წყაროს ციტირებს.
სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გერმანიაში სავარაუდოდ, პარასკევს გამოცხადდება. 20 იანვარს, გერმანიაში ასევე დაგეგმილია თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა. ეს ფორმატი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოსაჩენად შეიქმნა. მორიგ შეკრებას NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც დაესწრება. მანამდე, ასევე ცნობილია, რომ აშშ უკრაინისთვის 2,5 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადებს.
უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში დღესაც გამოცხადდა. კრიტიკული ინფრასტრუქტურის გარდა, რუსეთი საცხოვრებელ კორპუსებს ბომბავს.