ფინეთი აღარ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, NATO-ში შვედეთისგან დამოუკიდებლად გაწევრიანდეს

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პეკა ჰაავისტოს თქმით, ფინეთი აღარ გამორიცხავს, ​​რომ NATO-ში გაწევრიანების პროცესი შვედეთისგან დამოუკიდებლად დაასრულოს, რადგან სტოკჰოლმსა და ანკარას შორის დაძაბულობა სულ უფრო ღრმავდება.

ამასთან, პეკა ჰაავისტომ აღნიშნა, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით საუკეთესო ვარიანტია ფინეთი და შვედეთი ალიანსს ერთად შეუერთდნენ. ამავდროულად, მან აღიარა, რომ ჰელსინკმა  შესაძლოა, ალიანსში გაწევრიანების პროცესის ცალკე დასრულებაზე იფიქროს, თუ შვედეთის გაწევრიანების რატიფიკაცია დიდხანს გაჭიანურდება.

ამასთან, პეკა ჰაავისტო აღნიშნავს, რომ „ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება ნაადრევია“. როგორც ცნობილია, მხოლოდ ორ ქვეყანას - უნგრეთსა და თურქეთს - ჯერ არ აქვს რატიფიცირებული ფინეთისა და შვედეთის განაცხადები.

უნგრეთს არ აქვს კონკრეტული პირობები, თუმცა ანკარას აქვს მთელი რიგი პრეტენზიები შვედეთის მიმართ, იმის გამო, რომ ქვეყანაში თურქეთის ხელისუფლებისა და ქურთი აქტივისტების პოლიტიკური ოპონენტები არიან.

ანკარა ითხოვს იმ პირების ექსტრადირებას, რომლებსაც „ტერორისტებად“ მიიჩნევს. ბოლო კვირების განმავლობაში ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა შვედეთში ანტითურქული ქმედებების გამო, კერძოდ, ერთ შეკრებაზე აქტივისტებმა ერდოღანის ჩამოკიდებული ფიგურა დადეს, მეორეზე კი ყურანი დაწვეს.

მაშინ ერდოღანმა ღიად განაცხადა, რომ შვედეთს, ასეთი დამოკიდებულებით, არ უნდა ჰქონდეს NATO-ში გაწევრიანებისას თურქეთის მხარდაჭერის იმედი. პეკა ჰაავისტომ აღიარა, რომ შვედეთში ანტითურქულმა პროტესტებმა NATO-ში გაწევრიანების პროცესი, ორივე ქვეყანას გაურთულა.

მისი აზრით, ახლა NATO-ში გაწევრიანების პროცედურის დასრულებაზე საუბარი თურქეთის არჩევნებამდე, ანუ მაისის შუა რიცხვებამდე არარეალურია. პეკა ჰაავისტომ ასევე განაცხადა, რომ ფინეთი, შვედეთი და თურქეთი აწარმოებენ მოლაპარაკებებს. კერძოდ ახალ შეხვედრა ადრე გაზაფხულზე იგეგმება, რათა მხარეებმა შექმნილი ვითარება განიხილონ.

თურქული მედიის ცნობით, შაბათს, 21 იანვარს, რასმუს პალუდამ, დანიის მემარჯვენე ექსტრემისტულმა პარტია Hard Deal-ის ლიდერმა, სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს კედლებთან ანტიისლამური პროვოკაცია მოაწყო. რადიკალმა საჯაროდ დაწვა მუსლიმებისთვის წმინდა წიგნი - ყურანი.

შვედეთის ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ, ანკარამ გააუქმა შვედეთის თავდაცვის მინისტრის პალ ჯონსონის ვიზიტი თურქეთში.

შვედეთის ელჩი ანკარაში, სტაფან ჰორსტრომი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც შვედეთის ხელისუფლების მიერ სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ ყურანის დაწვის აქციის დაშვების ფაქტი დაგმეს. 

შვედეთი და ფინეთი ნეიტრალიტეტზე უარს ამბობენ. სკანდინავიურმა ქვეყნებმა NATO-ში გაწევრიანების სურვილი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე გამოთქვეს.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთი და ფინეთი NATO-ს წევრები ოფიციალურად 2023 წელს გახდებიან.

გერმანულ DPA-სთან ინტერვიუში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მან არ იცის ზუსტი თარიღი, მაგრამ „აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ რატიფიკაციის პროცესი დროულად დასრულდება".

სტოლტენბერგმა დაამატა, რომ მას არ სჯერა, რომ თურქეთი გააგრძელებს შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების დაბლოკვას მას შემდეგ, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკრიტიკა ორივე ქვეყანა, რომლებმაც მისი თქმით, ეჭვმიტანილი ტერორისტების თურქეთში ექსტრადაციისთვის მეტი არ გააკეთეს.

28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს.

NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად სექტემბერში მიიწვია.