შვედეთს არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ანკარა NATO-ში გაწევრიანებაზე მის განაცხადს მხარს დაუჭერს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა.
„მათ, ვინც დაუშვა ასეთი სამარცხვინო ქმედების ჩადენა სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ, არ უნდა ელოდნენ ჩვენგან კეთილგანწყობას NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადზე. თუ შვედეთი არ სცემს პატივს თურქეთს, ისევე როგორც მუსლიმთა რელიგიურ გრძნობებს, ის ვერ მიიღებს ჩვენგან მხარდაჭერას NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, „შვედეთში ჩადენილი ამაზრზენი ქმედება არის შეურაცხყოფა ყველასთვის, ვინც პატივს სცემს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის მუსლიმთა უფლებებსა და თავისუფლებას. თუკი შვედეთი ასე მხარს უჭერს ტერორისტული ორგანიზაციის წევრებსა და ისლამის მტრებს, ჩვენ მას ვურჩევთ, ანდოს მათ თავისი ქვეყნის დაცვა“, - განაცხადა ერდოღანმა.
თურქული მედიის ცნობით, შაბათს, 21 იანვარს, რასმუს პალუდამ, დანიის მემარჯვენე ექსტრემისტულმა პარტია Hard Deal-ის ლიდერმა, სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს კედლებთან ანტიისლამური პროვოკაცია მოაწყო. რადიკალმა საჯაროდ დაწვა მუსლიმებისთვის წმინდა წიგნი - ყურანი.
შვედეთის ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ, ანკარამ გააუქმა შვედეთის თავდაცვის მინისტრის პალ ჯონსონის ვიზიტი თურქეთში.
შვედეთის ელჩი ანკარაში, სტაფან ჰორსტრომი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც შვედეთის ხელისუფლების მიერ სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ ყურანის დაწვის აქციის დაშვების ფაქტი დაგმეს.
- სტოლტენბერგი: მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას
- თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს
შვედეთი და ფინეთი ნეიტრალიტეტზე უარს ამბობენ. სკანდინავიურმა ქვეყნებმა NATO-ში გაწევრიანების სურვილი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე გამოთქვეს.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთი და ფინეთი NATO-ს წევრები ოფიციალურად 2023 წელს გახდებიან.
გერმანულ DPA-სთან ინტერვიუში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მან არ იცის ზუსტი თარიღი, მაგრამ „აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ რატიფიკაციის პროცესი დროულად დასრულდება".
სტოლტენბერგმა დაამატა, რომ მას არ სჯერა, რომ თურქეთი გააგრძელებს შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების დაბლოკვას მას შემდეგ, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკრიტიკა ორივე ქვეყანა, რომლებმაც მისი თქმით, ეჭვმიტანილი ტერორისტების თურქეთში ექსტრადაციისთვის მეტი არ გააკეთეს.
28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს.
NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად სექტემბერში მიიწვია.