აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს

ექსკლუზივი

Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის.

„ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები მათ საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების შესვლას კრძალავს. ჩვენ შეშფოთებულნი ვიქნებოდით, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს - ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის“, - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 იანვარს გამოთქვა იმედი, რომ რუსეთი და საქართველო მალე შეძლებენ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენას.

გარდა ამისა, რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა რუსულ მედიასაშუალებას განუცხადა, რომ აუცილებელია საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება და რუსეთი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არანაირ დიპლომატიურ ურთიერთობაზე ლაპარაკი არ შეიძლება.

„რუსეთის ფედერაციაში მილიონამდე ჩვენი თანამოქალაქე, ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს, 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ მათ ძალიან გაურთულა პირობები და მდგომარეობა. თუ ფრენები აღდგება, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და მხოლოდ მისასალმებელი იქნება“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 19 იანვარს. 

ცნობისთვის, უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა ანდრი კასიანოვმა არ გამორიცხა უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობა, თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ.

კიევის ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევჰენი პერებიინისმა უკრაინაში საქართველოს ელჩს, გიორგი ზაქარაშვილს რუსეთთან პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენის გამო შეშფოთება გამოუცხადა.

აღსანიშნავია, რომ 24 იანვარს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, „შავი ზღვის პორტი სოჭში აწარმოებს მოლაპარაკებებს აფხაზეთსა და საქართველოში სამგზავრო გადაზიდვების გახსნაზე“.

კრემლის მიერ კონტროლირებადი Tass-ი პორტის ოპერატორის აღმასრულებელი დირექტორის, იური ვლადიმეროვის ინფორმაციას ეყრდნობოდა, თუმცა ქართულმა მხარემ ეს ცნობა იმავე დღეს უარყო.

როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები.

ასევე შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა.

საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.

„ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა 20 იანვარს მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.