სამხრეთის გაზის დერეფანი აკავშირებს ჩვენს ქვეყნებს და ხელს უწყობს მთელი რეგიონის განვითარებას.
ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 26 იანვარს განაცხადა, როდესაც საბერძნეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ხრისტოს კაპოდისტრიასმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.
ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ სამხრეთის გაზის დერეფანი არის საერთო ინტერესის პროექტი.
მისივე თქმით, საბერძნეთი აზერბაიჯანის გაზის ევროპის ქვეყნებში გადაზიდვებში, ტრანზიტული ქვეყნის როლს ასრულებს.
ალიევმა ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების ფართო შესაძლებლობებზე არა მხოლოდ ენერგეტიკის, არამედ სხვა სფეროებშიც.
2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო.
- წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს
- ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს
2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.
სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა.