თუ ასე გაგრძელდა, სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება, რამაც შეიძლება ფატალურ შედეგამდე მიიყვანოს - კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ასე გაგრძელდა, მსჯავრდებული პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება, რამაც შეიძლება ფატალურ შედეგამდე მიიყვანოს.

„ჩვენ წინა დღეებში ვისაუბრეთ, რომ კოვიდინფექცია, რომელიც ახლა მას აქვს, შედარებით მსუბუქი ფორმით იყო გამოხატული ლაბორატორიული და სუბიექტური მონაცემებითაც. ყოველ შემთხვევაში, დღევანდელ დღემდე სტაბილური რჩება ჰემოდინამიკური და რესპირატორული მაჩვენებლები. ანუ სატურაცია ნორმის ფარგლებშია და ამ ეტაპზე, დამატებითი ჟანგბადის მიწოდებასაც არ საჭიროებს.

მაგრამ მე მინდა განვაცხადო, ბატონი სააკაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამს მიმდინარე სასამართლო პროცესების მიმართ, უკმაყოფილებას გამოთქვამს თუნდაც კოვიდშეფასების მიმართ, ის, რაც რეალობაა და რა რეალობაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდი, რომ საკვებს იღებს არა იმ კალორაჟით და რაოდენობით, რაც არის რეკომენდებული. მან ბოლო დღეებში, განსაკუთრებით გუშინდელი დღის შემდეგ, საერთოდ შეამცირა ამ კალორაჟის საკვების მიღება. საკვები დანამატების მიღებაზეც უარი განაცხადა", - განაცხადა ჩხაიძემ.


ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.


8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას:

„მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ.


მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.