ინფრასტრუქტურის მინისტრმა განმარტა, როდის დაიწყება ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობა

ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, მთვარობა ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტების განხორციელებას, ინვესტორის გამოვლენამდე არ აპირებს.

ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ირაკლი ქარსელაძემ ანაკლიის პორტის პროექტის ინვესტორის გამოსავლენი ტენდერის გამოცხადების ვადები ვერ დააკონკრეტა და აღნიშნა, რომ ამაზე დაზუსტებული ინფორმაცია ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს ექნებოდა, თუმცა დასძინა, რომ სახელმწიფო თავისი ვალდებულებების შესრულებისთვის მზადაა.

კითხვაზე - დაიწყებს თუ არა ინფრასტრუქტურის სამინისტრო ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობას, უწყების ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ ამ პროექტების განხორციელება ინვესტორის მიერ წარდგენილ პროექტის მასტერგეგმაზე იქნება დამოკიდებული.

„როცა [ანაკლიის პორტამდე] მისასვლელ გზასა და რკინიგზაზე ვსაუბრობთ, შესაბამისი პროექტი დამუშავებული გვაქვს და რა წუთშიც გამოვლინდება გამარჯვებული და ხელშეკრულების სახით შესაბამისი ვალდებულებები გაფორმდება, ჩვენ ამ პროექტის განსახირციელებლად მზად“.  

აღნიშნული პროექტი წინაპირობების გათვალისწინებით იყო მომზადებული. შეიძლება მასში გარკვეული კორექტირება შევიდეს, არა იმდენად მარშრუტთან, არამედ ამ მარშრუტის დაბოლოებასთან მიმართებით. მშენებლობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმ მასტერგეგმაზე, რომლითაც სამშენებლო ნაწილი ხორციელდება და ის ინფრასტრუქტურა, სადაც ეს გზა უნდა მივიდეს. ნებისმიერ შემთხვევაში უფრო გამართლებულია არსებობდეს გამარჯვებული, რომელსაც ექნება ნათელი ხედვა თუ როგორ ეწყობა ინფრასტრუქტურულად აღნიშნული პორტი და შემდეგ სახელმწიფო თავის ვალდებულების ნაწილში გზის და რკინიგზის მშენებლობას დაიწყებს. მთავარია, ეს პროექტი გვაქვს და ეს იქნება იმ მოქმედებების ნაწილი, რომელსაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი მოიცავს“, - განმარტა ქარსელაძემ.


 

აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა. 

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია.

„ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა Europetime-ს ექსკლუზიურად.

თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადარომ ღრმაწყლოვანი პორტების განვითარება კომერციული ვაჭრობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც თავის მხრივ, შავი ზღვისთვის კარგ საფუძველს შექმნის, მათ შორის საქართველოსთვის პირველ რიგში ეკონომიკური განვითარება უნდა მოიტანოს.

„უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს გაზრდის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან გემების მასპინძლობის შესაძლებლობას. საქართველო ხშირად მასპინძლობდა ასეთ ვიზიტებს აშშ-დან და NATO-ს სხვა მოკავშირეებიდან. სამწუხაროდ, ომის გამო იყო გარკვეული შეფერხება, თუმცა მოუთმენლად დაველოდებით ჩვენი საზღვაო ძალების ვიზიტების კვლავ განახლებას, როცა ზღვებზე სტაბილური მდგომარეობა დაბრუნდება“, - აღნიშნა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან.

სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მრჩეველმა ფილიპ რიკერმა, რომელიც იმჟამად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად.

ამასთანავე, NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს განუცხადა, რომ ალიანსი შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება.

შეგახსენებთ, 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების სავარაუდო პერიოდი დაასახელა.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან„ საარბიტრაჟო დავა 6 მლნ 900 ათასი ლარი დაუჯდა. 

ცნობისთვის, 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი.

საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს.