გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა თქვა, რომ გერმანიას სასწრაფოდ სჭირდება ახალი „ლეოპარდის“ ტიპის ტანკების შეკვეთა, რათა უკრაინაში ამ ტექნიკის გაგზავნის შედეგად გაჩენილი დეფიციტი შეივსოს.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ შევუკვეთოთ ახალი ტანკები არა ერთ წელიწადში, არამედ დაუყოვნებლივ“, - განუცხადა მინისტრმა ჟურნალისტებს ავგუსტდორფში სატანკო ბატალიონში ვიზიტის დროს, საიდანაც უკრაინაში 14 „ლეოპარდის“ ტიპის ტანკის გაგზავნა გადაწყდა.
„ საიდან მოვა ფული? გულწრფელად გეტყვით, ეს არ მაინტერესებს. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ტანკები სწრაფად მივიღოთ."
„პისტორიუსმა საკმაოდ ამომწურავად უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა ის მოითხოვოს გერმანიის არმიის მოდერნიზაციისთვის გამოყოფილი სპეციალური ფონდის 100 მილიარდი ევროს გაზრდა“, - წერს BBC.
ABC News-მა 24 იანვარს დაწერა, რომ თორმეტი ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკი გაუგზავნოს, როგორც კი გერმანია დაამტკიცებს გადაწყვეტილებას. პარალელურად, Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ პოლონეთის მოთხოვნას გერმანია 25 იანვარს დაამტკიცებს.