„შუა დერეფნის (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი) გასწვრივ ტვირთების გადაზიდვის დაჩქარების მიზნით, აუცილებელია, არსებული ინფრასტრუქტურული შეზღუდვები რამდენიმე მიმართულებით დაიძლიოს, ძირითადად ყაზახეთსა და საქართველოში“, ამის შესახებ Report.az-ს ტრანსპორტის საკითებში ექსპერტმა რაუფ აგამირზაევმა განუცხადა.
მისი თქმით, შუა დერეფანი რუსეთში გამავალი მარშრუტების ალტერნატივაა.
„თუმცა, შუა დერეფნის სხვადასხვა სეგმენტზე არის დაბალი გამტარუნარიანობის მონაკვეთები. ყაზახეთი შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური ქვეყანაა. გასულ წელს ყაზახეთის მიერ ამ მარშრუტით გადაზიდული საქონლის მოცულობა 2021 წელთან შედარებით 2,5-ჯერ გაიზარდა და 1,5 მილიონ ტონას მიაღწია.
ყაზახეთი ალმათის მიმართულებით მესამე სასაზღვრო გამშვებ პუნქტს აშენებს. მაგრამ ყაზახეთის საპორტო ინფრასტრუქტურას არ შეუძლია ტვირთის დიდი მოცულობის გადატანა, მას გაფართოება სჭირდება.
ყაზახეთის მთავარი ინტერესი ნავთობის, ქვანახშირის, ურანის ტრანსპორტირებაა, მაგრამ ინიციატივის „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ჩინური კონცეფცია მიზნად ისახავს კონტეინერების მოძრაობის გაზრდას. ამ კონტექსტში აუცილებელია აქტაუსა და კურიკის პორტების ინფრასტრუქტურის გაფართოების სამუშაოს ჩატარება“.
აღამირზაევმა აღნიშნა, რომ ბაქოს პორტის მეორე ფაზის მშენებლობაზე მუშაობა მიმდინარე წელს დაიწყება.
მანვე აღნიშნა, რომ საქართველო ასევე არის შუა დერეფნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა: „ამჟამად საქართველოსთვის პრიორიტეტულია შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. პორტი შეძლებს წელიწადში 100 მილიონ ტონამდე ტვირთის და ერთ მილიონამდე კონტეინერის მიღებას. პანამაქსის ტიპის გემები ამ ნავსადგურში დაიძრებიან“.
ექსპერტმა აღნიშნა, რომ საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის გასწვრივ გზებისა და რკინიგზის მოდერნიზაციის დასრულებას 2024 წელს ელოდება.
„თურქეთმა რკინიგზის გაფართოების პროექტი გამოაცხადა. ეს არის უზარმაზარი პროექტი. მოსალოდნელია, რომ 30 წლის განმავლობაში თურქეთის ინფრასტრუქტურაში 190 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ამ თანხის დაახლოებით 63% ყოველწლიურად განხორციელდება რკინიგზაში. ეს იმიტომ, რომ რკინიგზის პოტენციალი დიდია, მაგრამ გამტარუნარიანობა მის პოტენციალზე ბევრჯერ დაბალია“, - განაცხადა ექსპერტმა.
ცნობისათვის, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია.
„ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა Europetime-ს ექსკლუზიურად.
თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ღრმაწყლოვანი პორტების განვითარება კომერციული ვაჭრობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც თავის მხრივ, შავი ზღვისთვის კარგ საფუძველს შექმნის, მათ შორის საქართველოსთვის პირველ რიგში ეკონომიკური განვითარება უნდა მოიტანოს.
„უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს გაზრდის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან გემების მასპინძლობის შესაძლებლობას. საქართველო ხშირად მასპინძლობდა ასეთ ვიზიტებს აშშ-დან და NATO-ს სხვა მოკავშირეებიდან. სამწუხაროდ, ომის გამო იყო გარკვეული შეფერხება, თუმცა მოუთმენლად დაველოდებით ჩვენი საზღვაო ძალების ვიზიტების კვლავ განახლებას, როცა ზღვებზე სტაბილური მდგომარეობა დაბრუნდება“, - აღნიშნა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან.
სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მრჩეველმა ფილიპ რიკერმა, რომელიც იმჟამად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად.
- ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა
- ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა
- ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის
- პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია
ამასთანავე, NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს განუცხადა, რომ ალიანსი შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება.
შეგახსენებთ, 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების სავარაუდო პერიოდი დაასახელა.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან„ საარბიტრაჟო დავა 6 მლნ 900 ათასი ლარი დაუჯდა.
ცნობისთვის, 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.
მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი.
საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს.