„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ცეცხლი წაუკიდა.
ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს არის რუსული კანონი და უნდა დაიწვას.
„ეს რუსული კანონი ისევე უნდა იყოს დამწვარი, როგორც ახლა, პირდაპირ ეთერში ვწვავთ“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.
პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. კენჭისყრას წინ უძღოდა ამერიკის საელჩოს განცხადება, რომ „დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა“.
უფრო ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის თანაშემწემ განაცხადა, რომ ეს არის კანონი, რომელიც ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს.
- პარალელურად, საპროტესტო აქცია დილიდან მიმდინარეობდა პარლამენტთან. გვიან საღამოს, პოლიციამ პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან 66 პირი დააკავეს.
შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 28 თებერვალსაც.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით 2 მარტს გაკეთდა.
პრესსპიკერ ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ბევრი პროპაგანდა იყო, მათ შორის ის რომ, შემოთავაზებული წინადადება თითქოს ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას, რაც ნედ პრაისის განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს პირველი კომენტარი იყო მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა.
ნედ პრაისის განცხადებითვე, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან.
ეს კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“.
„ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს.
მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან.
28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა.
რას გულისხმობს კანონპროექტი
პროექტები სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი.
მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა.
რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი.
„ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს.
„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით.
ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ.
ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებსა და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, ასევე პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“.
ინფორმაციისთვის, აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს მიიღეს, მოგვიანებით კი, მასში ცვლილებები შევიდა.
თავდაპირველად, კანონი მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად შემოიღეს. მოგვიანებით, კანონში ცვლილება შევიდა და ახლა ის ძირითადად, უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებსა და ლობისტებზე ვრცელდება.
შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ განმარტა, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას ეფუძნება. აშშ-ის განმარტებით, ამერიკული კანონი არ ახდენს გავლენას არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე ან დაფინანსების წყაროებზე.
„FARA ძალიან ვიწროა და შექმნილია, რომ მხოლოდ უცხოეთის მთავრობების აგენტებს მოერგოს, რაც ძალიან განსხვავებული რამ არის და ამიტომ ვართ ამის გამო ასე შეშფოთებულები”, - განმარტა ნედ პრაისმა.