სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, მმართველ გუნდს პუტინის დაკავების განზრახვა არ აქვს

სომხეთის ხელისუფლებას არ აქვს სურვილი, დააპატიმროს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ორდერის საფუძველზე, თუ ის ამ ქვეყანაში ჩავა. DW-ს ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ჰაკობ არშაკიანმა სააგენტო Armenpress-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი შეფასებით, რომის წესდების რატიფიცირება არ მიაყენებს ზიანს რუსეთ-სომხეთის სტრატეგიულ ურთიერთობებს.

„ბუნებრივია, მმართველ პარტიას და გუნდს ასეთი განზრახვა და სურვილი არ აქვს“, - აღნიშნა არშაკიანმა.

არშაკიანის თქმით, სომხეთმა მოისმინა რუსეთის შეშფოთება, რომელიც ერევნის მიერ რომის სტატუტთან შეერთებას მოჰყვა.

ვიცე-სპიკერმა უარყო მოსაზრება, რომ რომის სტატუტის რატიფიცირება გარდაუვალს გახდის პუტინის დაპატიმრებას სომხეთში ჩასვლის შემთხვევაში. 

„ჩვენ მოვისმინეთ რუსეთის მიერ გამოთქმული შეშფოთება და ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია, დავრწმუნდეთ, რომ რომის სტატუტის პროცესის გაგრძელება არ დააზარალებს სტრატეგიულ ურთიერთობას სომხეთსა და რუსეთს შორის“, - განაცხადა არშაკიანმა საინფორმაციო სააგენტო Armenpress-თან ინტერვიუში.


შეგახსენებთ, სომხეთი 24 მარტს რომის სტატუტის წესდების რატიფიცირებით შეუერთდა იმ ქვეყნებს, რომლებსაც პუტინის დაპატიმრება ჰააგის სასამართლოს ორდერის საფუძველზე მოეთხოვება. ერევნის ამ ნაბიჯს მოსკოვის მუქარა მოჰყვა.

ამავე თემაზე წაიკითხეთ


ცნობისთვის, 5 აპრილიდან რუსეთი სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტს შეწყვეტს.

რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა სომხეთის ვეტერინარულ სამსახურს თხოვნით მიმართა, 5 აპრილიდან რუსეთში რძის პროდუქტების მიწოდება შეწყვიტოს.

შესაბამისი განცხადება ამის შესახებ პრესსამსახურმა გაავრცელა.

„აღნიშნული შუამდგომლობა უკავშირდება შემოწმების არადამაკმაყოფილებელ შედეგებს, რომელიც ადრე იყო ცნობილი. მიწოდების აღდგენის შესაძლებლობა დამატებით განიხილება“, - აცხადებს უწყება.