სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ უარყო, რომ ჰააგის სასამართლოს ტოვებს

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფისმა უარყო, რომ ქვეყანა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ტოვებს.

სააგენტო France Press-ის და გამოცემა Guardian-ის ინფორმაციით, რამაფოსას ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში მისმა ადმინისტრაციამ განმარტა, რომ კომუნიკაციაში შეცდომა იყო და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა რჩება რომის სტატუტის ხელმომწერად.

France Press-ის ცნობით, სამხრეთ აფრიკის მმართველი პარტიის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე 24 აპრილს განიხილეს იურისდიქციიდან შესაძლო გასვლის საკითხი, თუმცა გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

25 აპრილს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა კირილ რამაფოსამ სამშაბათს განაცხადა, რომ მისმა მმართველმა აფრიკის ნაციონალურმა კონგრესმა პარტიამ (ANC) გადაწყვიტა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) დატოვოს. 


რამაფოსამ ამავე პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ მის ქვეყანას სურს, ICC-ის მიერ „უსამართლოდ მოპყრობის საკითხი სათანადოდ განიხილებოდეს“. ბევრი აფრიკელი ლიდერი ადრე აცხადებდა, რომ ICC მიკერძოებულია გარკვეული ქვეყნების მიმართ, განსაკუთრებით, აფრიკასა და სხვა რეგიონებში. მედია წერს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ICC-დან გასვლას ცდილობს.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ ჯერ კიდევ 12 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავების საერთაშორისო ორდერი დაბრკოლებაა BRICS-ის სამიტის წინ, რომელიც აგვისტოში უნდა გაიმართოს. France24 წერდა, რომ პრეტორია, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს მოსკოვთან, დიპლომატიური დილემის წინაშე აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) მარტში პუტინის წინააღმდეგ დაკავების ორდერი გასცა.

BRICS-ის სამიტზე პუტინის მონაწილეობაც არის დაგეგმილი, ბლოკში შედიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა. მაგრამ მასპინძელი -  სამხრეთი აფრიკა ამავე დროს არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრიც და მისგან მოელიან, რომ ის პუტინს დააპატიმრებს, თუკი რუსეთის პრეზიდენტი მის ტერიტორიაზე დადგამს ფეხს.

„სავარაუდოდ, სამიტს ყველა სახელმწიფოს მეთაური დაესწრება. მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს სამუშაო ამ ICC-ს ორდერის სახით", - აცხადებდა პრეზიდენტის სპიკერი, ვინსენტ მაგვენია.

შეგახსენებთ, 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა. 

ისინი ეჭვმიტანილები არიან ომის დანაშაულებში, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების უკანონო დეპორტაციისა და გადაყვანაში.