გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი სამეგრელოს სტუმრობს. საელჩოს შეფასებით, ახალად წარმოქმნილი ინტერესი შუა დერეფნის მიმართ შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე პორტებში მზარდ ტვირთბრუნვას იწვევს. ფოთის პორტის დათვალიერებისას გერმანიის ელჩი გაეცნო პორტის შესაძლებლობებსა და დატვირთულ მუშაობას.
ელჩი ასევე იმყოფებოდა ანაკლიაში, სადაც დაგეგმილია ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა.
„ფოთში გერმანიის ელჩი შეხვდა პროფესიულ კოლეჯ „ფაზისის“ სტუდენტებს, რომლებიც ებერჰარდ შიოკის გერმანული ფონდის მხარდაჭერით სწავლობენ სადურგლო საქმეს. სამეგრელოში ხომ ხის დამუშავების დიდი ტრადიცია არსებობს!
ზუგდიდში ბატონი ფიშერი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს გიორგი გუგუჩიას და ზუგდიდის მერს მამუკა წოწერიას საქართველოსა და რეგიონის ევროპულ მომავალზე ესაუბრა. სამეგრელოში სტუმარს განსაკუთრებული მეგრული სტუმართმოყვარეობით დახვდნენ“, - აცხადებენ გერმანიის საელჩოში.
შეგახსენებთ, ელჩი 27 აპრილს აჭარას სტუმრობდა. საელჩოს შეფასებით, შუა დერეფანი და შავი ზღვის სანაპიროზე მიმდინარე თუ დაგეგმილი მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საინტერესო ეკონომიკურ არეალად აქცევს, მათ შორის გერმანული და ევროპული პროექტებისთვის.
„შუა დერეფანი და შავი ზღვის სანაპიროზე მიმდინარე თუ დაგეგმილი მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საინტერესო ეკონომიკურ არეალად აქცევს, მათ შორის გერმანული და ევროპული პროექტებისთვის.
ბათუმში გერმანიის ელჩმა დაათვალიერა ქალაქის წყლის ინფრასტრუქტურა, რომელიც ბოლო 16 წლის განმავლობაში 138 მილიონი ევროს ოდენობის გერმანული მხარდაჭერით შეიქმნა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ელჩმა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალისა და განვითარების შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა.
სარფის სასაზღვრო პუნქტთან, სადაც გერმანიის ელჩი ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილს შეხვდა, მას შესაძლებლობა ჰქონდა, ადგილზე გასცნობოდა საბაჟო უწყების მუშაობას, რომელიც შუა დერეფნის გასწვრივ არსებული ტვირთბრუნვის მუდმივ ზრდას უმკლავდება“, - აღნიშნულია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცეტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის.
ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი პეტერ ფიშერი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.
ელჩის შეფასებით, რაც უფრო მეტ სტრატეგიულ განვითარებას დაინახავენ, მით უფრო მეტი გერმანული კომპანია დაინტერესდება საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით.
„ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცეტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის, რომელსაც ექნება სავაჭრო და სატრანსპორტი მარშრუტები და ამასთან ერთად, ბიზნესიც...ბევრი რამ იწყება პორტებით, პორტებით შავ ზღვაში, პორტებით კასპიის ზღვაში..
ჩემთვის არ არის ცნობილი კონკრეტული გერმანული კომპანიის შესახებ, თუმცა გვყავს კარგი კომპანიები, რომლებიც ჩართულნი არიან პორტებში, ლოგისტიკაში. ზოგი ამბობს, რომ გერმანია მსოფლიო ჩემპიონია ლოგისტიკაში.
რაც უფრო მეტ სტრატეგიულ განვითარებას დაინახავენ, მით უფრო მეტი გერმანული კომპანია დაინტერესდება აქ ჩამოსვლითა და ინვესტიციების განხორციელებით. თუ საქართველო დამაკავშირებელი ჰაბი გახდება, ეს სამუშაო ადგილებს შექმნის, ინვესტიციებსა და მეტ სარგებელს მოიტანს“, - აცხადებს გერმანიის ელჩი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
როგორც ცნობილია, ევროკავშირმა ცენტრალურ აზიაში მდგრადი სატრანსპორტო კავშირების შესახებ კვლევა დაიწყო. მისი მიზანი სამხრეთ კავკასიიდან აზიისკენ მდგრადი კავშირების უზრუნველსაყოფად, საუკეთესო გზების ძიებაა.
ეს კვლევა სავარაუდოდ, 2023 წლის მაისისთვის დასრულდება.
შეგახსენებთ, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა დაინტერესებულია შუა დერეფნის განვითარებით. ამის შესახებ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა ოლგა ალგაიეროვამ განაცხადა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანი, საქართველო, უზბეკეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნები მხარს უჭერენ შუა დერეფნის განვითარებას და მისი კონტროლისთვის შესაბამისი ორგანოს შექმნას.
აღსანიშნავია, რომ შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია.
აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა.
- კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი
- ჯინ შაჰინი: ანაკლიის პორტის პროექტი ნამდვილად კარგი იქნება - იმედი გვაქვს, ვიხილავთ ამერიკულ ინვესტიციას
„ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა ექსკლუზიურად Europetime-ს.
- ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა
- ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა
- ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის
- პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია
(TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.
27 აპრილს გახდა ცნობილი, რომ შუა დერეფანს სინგაპური, ბულგარეთი და ლიეტუვა უერთდებიან.