საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას - პიტერ სტანო

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის თქმით, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას.

„მხედველობაში მივიღეთ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვის მოხსნის შესახებ.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიის გამო, ევროკავშირმა და რიგმა სხვა ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს რუსეთის ავიაციას და ფრენები არ არის დაშვებული რუსეთიდან, რუსეთში ან მისი ტერიტორიის თავზე.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, რომელიც მიისწრაფვის, გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს ევროკავშირის და სხვა ქვეყნების სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში და ყურადღებით იყოს სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერ შესაძლო მცდელობასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პრობლემების ფონზე, რომლის შესახებ გაეროს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) რუსეთს აცნობა, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას.

ევროკავშირის სანქციების გამო, რუსეთის საჰაერო ფლოტის 95%-ს აღარ შეუძლია თავისი თვითმფრინავების განახლება და მოდერნიზება, რაც აუცილებელია საერთაშორისო ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების შესანარჩუნებლად“, - განაცხადა პიტერ სტანომ 11 მაისს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე.


ცნობისთვის, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა.

გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების გადაწყვეტლებით რუსეთი ცდილობს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა დააზიანოს.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, როგორც საზოგადოებამ, ასევე ევროპელმა პარტნიორებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რისთვის გადაიდგა რუსეთის მხრიდან ეს ნაბიჯი ახლა, როცა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იხილება.

მინდა, როგორც ჩვენს საზოგადოებას, ასევე ევროპელ პარტნიორებს მოვუწოდო, დააკვირდნენ იმ დროს და მომენტს, რომელიც შეარჩია რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებით.

რუსეთი ამ ნაბიჯით ცდილობს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა დააზიანოს, რადგან უნდა, შექმნას ისეთი იმიჯი, თითქოს საქართველო ახლოს თანამშრომლობს რუსეთთან. ამიტომ, როგორც ჩვენმა საზოგადოებამ, ასევე ევროპელმა პარტნიორებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რისთვის გადაიდგა ეს ნაბიჯი ახლა, ამ მომენტში, 20 წლის თავზე და რა იყო ის პირობები, რამაც რუსეთის ხელისუფლებას უბიძგა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შეემსუბუქებინა.

რა თქმა უნდა, ეს არის რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რაშიც ჩვენ არ ჩავრეულვართ, ეს არ იყო არც ჩვენი მოთხოვნა და არც ჩვენი სურვილი, თუმცა მათ იმ დროს, როცა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იხილება და საქართველომ უნდა გადადგას ახალი ნაბიჯი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რატომღაც რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 20 წლის განმავლობაში ნაწარმოები პოლიტიკა შეეცვალა და სავიზო რეჟიმი გაეუქმებინა“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს.

„რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან.



აშშ-ის გამოხმაურება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პირველი კომენტარი Europetime-თან გააკეთა.

Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის.

„ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები მათ საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების შესვლას კრძალავს. ჩვენ შეშფოთებულნი ვიქნებოდით, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს - ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის“, - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. 

2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა.

საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.

„ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.