მოლდოვა შუა დერეფნის შესაძლებლობების განვითარებაზე მოლაპარაკებებში ერთვება. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ექსკლუზიურ სტატიაში წერს. კერძოდ, სააგენტო Trend.az-ის ცნობით, ყაზახეთი და მოლდოვა შუა დერეფნის შესაძლებლობების განვითარების საკითხებს განიხილავენ.
უფრო ადრე, ასევე აზერბაიჯანულ მედიაში 27 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ წლის მეორე ნახევრიდან, კიდევ სამი ქვეყანა - სინგაპური, ბულგარეთი და ლიეტუვა შეუერთდებიან ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს (TITR), რომელიც ასევე ცნობილია როგორც შუა დერეფანი.
მისივე თანახმად, ამის შესახებ TITR ასოციაციის გენერალურმა მდივანმა, გაიდარ აბდიკერიმოვმა კონფერენციაზე, ალმათიში განაცხადა.
„მომდევნო ხუთ წელიწადში დაახლოებით ხუთი მილიარდი ევროს ინვესტიცია განხორციელდება ინფრასტრუქტურასა და შუა დერეფანში ეფექტიანობის გაუმჯობესებაში. TITR მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალურ ბაზრებთან ცენტრალური აზიის მწარმოებლების ინტეგრაციაში“, - განაცხადა აბდიკერიმოვმა.
აბდიკერიმოვმა ხაზი გაუსვა, რომ TITR-ის ინიციატორები აზერბაიჯანი, ყაზახეთი და საქართველო იყვნენ.
„ამ მარშრუტის მიზანია საქონლის ტრანზიტის უზრუნველყოფა ისეთი ქვეყნების მეშვეობით, როგორიცაა, ჩინეთი, ყაზახეთი, კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, უკრაინა, პოლონეთი და რუმინეთი. ეს რვა ქვეყანა პროექტზე მუშაობს 2017 წლიდან. მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან, მათ შეუერთდებიან სინგაპური, ბულგარეთი და ლიეტუვა. გარდა ამისა, ჩვენ ველით, რომ შემოგვიერთდებიან ავსტრია, უნგრეთი და გერმანია. ასევე ძალიან აქტიურად არიან დაინტერესებულნი ფრანგი ექსპედიტორები“, - განაცხადა აბდიკერიმოვმა.
- შუა დერეფნის მეშვეობით, წელს 2 მილიონი ტონა ტვირთის ტრანსპორტირებაა მოსალოდნელი - ყაზახეთის პრემიერი
აბდიკერიმოვმა ისიც თქვა, რომ მარცვლეულის ექსპორტის ძირითადი მიმართულება TITR-ის ფარგლებში არის თურქეთი, კერძოდ, მერსინის პორტი, სადაც დიდი მარცვლეულის ბირჟაა განთავსებული. 2022 წელს, TITR-ის მიერ ტვირთის გადაზიდვის მთლიანმა მოცულობამ 1,48 მლნ ტონა შეადგინა, რაც 2,5-ჯერ - 898 000 ტონით მეტია 2021 წელთან შედარებით.
ცნობისათვის, 7 აპრილს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფენციაზე განაცხადა, რომ შუა დერეფანში სატარიფო პოლიტიკა უნდა იყოს საერთო.
„შუა დერეფანი აზერბაიჯანი-საქართველო, ძალიან აქტიურნი ვართ ამ დერეფანში და მომდევნო ეტაპზე ტვირთბრუნვა და ტვირთბრუნვის მოცულობა გაიზრდება და ჩვენ დამატებით ნაბიჯებს გადავდგამთ ამ მიმართულებით.
როგორც გასულ წელს, ასევე მიმდინარე წელს რამდენიმე ვიზიტი განვახორციელე ცენტრალური აზიის ქვეყნებში და მალე კვლავ მივემგზავრები. ახალი ტვირთის გატარება მოხდება შუა დერეფნით და შესანიშნავი შესაძლებლობა იქმნება ამ კონტექსტში. ყველა ადმინისტრაციული ზომა უნდა იყოს დანერგილი იმისთვის, რომ სატარიფო პოლიტიკა იყოს საერთო. ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი ხედვა და ამავდროულად მივიზიდოთ გადამზიდავები და მივიზიდოთ ახალი მოცულობები“, - აღნიშნა ალიევმა.
როგორც ცნობილია, ევროკავშირმა ცენტრალურ აზიაში მდგრადი სატრანსპორტო კავშირების შესახებ კვლევა დაიწყო. მისი მიზანი სამხრეთ კავკასიიდან აზიისკენ მდგრადი კავშირების უზრუნველსაყოფად, საუკეთესო გზების ძიებაა.
ეს კვლევა სავარაუდოდ, 2023 წლის მაისისთვის დასრულდება.
შეგახსენებთ, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა დაინტერესებულია შუა დერეფნის განვითარებით. ამის შესახებ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა ოლგა ალგაიეროვამ განაცხადა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანი, საქართველო, უზბეკეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნები მხარს უჭერენ შუა დერეფნის განვითარებას და მისი კონტროლისთვის შესაბამისი ორგანოს შექმნას.
აღსანიშნავია, რომ შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია.
აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა.
- კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი
- ჯინ შაჰინი: ანაკლიის პორტის პროექტი ნამდვილად კარგი იქნება - იმედი გვაქვს, ვიხილავთ ამერიკულ ინვესტიციას
„ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა ექსკლუზიურად Europetime-ს.
- ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა
- ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა
- ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის
- პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია
(TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.