შუა დერეფნის მეშვეობით, წელს 2 მილიონი ტონა ტვირთის ტრანსპორტირებაა მოსალოდნელი - ყაზახეთის პრემიერი

ყაზახეთის მთავრობა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) განვითარებაზე მუშაობს, განაცხადა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმილოვმა აზერბაიჯანული მედიის ცნობით.

პრემიერის თქმით, გასულ წელს მარშრუტმა ორჯერ გაზარდა ტვირთების გადაზიდვა და მან 1,7 მლნ ტონას მიაღწია.

„აზერბაიჯანთან, თურქეთთან და საქართველოსთან შემუშავებული საგზაო რუკების მიხედვით, წელს TITR-ის მეშვეობით 2 მილიონი ტონა ტვირთის ტრანსპორტირებაა მოსალოდნელი, 2025 წლისთვის გამტარუნარიანობის 10 მილიონ ტონამდე გაზრდა იგეგმება“, - განაცხადა სმაილოვმა.


ცნობისათვის, 7 აპრილს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფენციაზე განაცხადა, რომ შუა დერეფანში სატარიფო პოლიტიკა უნდა იყოს საერთო.

„შუა დერეფანი აზერბაიჯანი-საქართველო, ძალიან აქტიურნი ვართ ამ დერეფანში და მომდევნო ეტაპზე ტვირთბრუნვა და ტვირთბრუნვის მოცულობა გაიზრდება და ჩვენ დამატებით ნაბიჯებს გადავდგამთ ამ მიმართულებით.

როგორც გასულ წელს, ასევე მიმდინარე წელს რამდენიმე ვიზიტი განვახორციელე ცენტრალური აზიის ქვეყნებში და მალე კვლავ მივემგზავრები. ახალი ტვირთის გატარება მოხდება შუა დერეფნით და შესანიშნავი შესაძლებლობა იქმნება ამ კონტექსტში. ყველა ადმინისტრაციული ზომა უნდა იყოს დანერგილი იმისთვის, რომ სატარიფო პოლიტიკა იყოს საერთო. ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი ხედვა და ამავდროულად მივიზიდოთ გადამზიდავები და მივიზიდოთ ახალი მოცულობები“, - აღნიშნა ალიევმა.


როგორც ცნობილია, ევროკავშირმა ცენტრალურ აზიაში მდგრადი სატრანსპორტო კავშირების შესახებ კვლევა დაიწყო. მისი მიზანი სამხრეთ კავკასიიდან აზიისკენ მდგრადი კავშირების უზრუნველსაყოფად, საუკეთესო გზების ძიებაა.  

ეს კვლევა სავარაუდოდ, 2023 წლის მაისისთვის დასრულდება.

შეგახსენებთ, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა დაინტერესებულია შუა დერეფნის განვითარებით. ამის შესახებ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა ოლგა ალგაიეროვამ განაცხადა.


მისივე თქმით, აზერბაიჯანი, საქართველო, უზბეკეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნები მხარს უჭერენ შუა დერეფნის განვითარებას და მისი კონტროლისთვის შესაბამისი ორგანოს შექმნას.

აღსანიშნავია, რომ შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა.


ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია.

აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა. 


„ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა ექსკლუზიურად Europetime-ს.


(TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.