აშშ და მოკავშირეები უკრაინისთვის F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას გეგმავენ - NBC

ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები უკრაინისთვის ამერიკული წარმოების F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას გეგმავენ. ამერიკული მედიის თანახმად, ჯერ გაურკვეველია, კონკრეტულად რომელი ქვეყნები გაგზავნიან უკრაინაში F-16-ებს.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა NBC News-ს განუცხადა.

  • მიწოდების დრო ასევე არ არის დადგენილი, მაგრამ ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ უკრაინა ვერ შეძლებს თვითმფრინავების გამოყენებას მომავალი კონტრშეტევისთვის.

„მომდევნო თვეებში, კოალიცია გადაწყვეტს პოტენციური ტრანსფერის დეტალებს, მათ შორის იმას, თუ რამდენ თვითმფრინავს მიიღებს უკრაინა“, - იუწყება NBC News-ი.


დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრების შეფასებით, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული.

გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ.

დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა.

ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.