შუა დერეფანი ყაზახეთისთვის მთავარი ალტერნატიული მარშრუტია - მინისტრი

შუა დერეფანი ყაზახეთისთვის ამჟამად მთავარი ალტერნატიული მარშრუტია, განაცხადა ყაზახეთის ეროვნული ეკონომიკის მინისტრმა, ალიბეკ კუანტიროვმა ასტანის საერთაშორისო ფორუმის წინ გამართულ ბრიფინგზე, იუწყება Trend-ი.

„რეგიონში დაინტერესებულ მხარეებთან და პარტნიორებთან ერთად, მათ შორის აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, და თურქეთთთან ერთად, ჩვენ ხელი მოვაწერეთ რამდენიმე საგზაო რუკას და მოლაპარაკება ვაწარმოეთ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე“, - აღნიშნა მინისტრმა.


კუანტიროვმა ხაზი გაუსვა რომ, რა თქმა უნდა, მარშრუტზე ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაში  დამატებითი ინვესტიციებია საჭირო და ყველამ უნდა შეიტანოს წვლილი, რადგან ეს მარშრუტი მნიშვნელოვანია ფართო რეგიონისთვის.

„ეს დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ ყაზახეთისთვის, არამედ, მთელი ცენტრალური აზიისთვის. ამ კუთხით ჩინეთთან და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობა ასევე ჩვენი მთავარი აქცენტია“, - აღნიშნა ყაზახმა ოფიციალურმა პირმა. 

მისივე თანახმად, შუა დერეფანი ასევე არის ჩინეთის ინიციატივის - „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ „ლოგიკური ნაწილი“.


შეგახსენებთ, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა დაინტერესებულია შუა დერეფნის განვითარებით. ამის შესახებ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა ოლგა ალგაიეროვამ განაცხადა.


მისივე თქმით, აზერბაიჯანი, საქართველო, უზბეკეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნები მხარს უჭერენ შუა დერეფნის განვითარებას და მისი კონტროლისთვის შესაბამისი ორგანოს შექმნას.

აღსანიშნავია, რომ შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა.


ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია.

აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა. 


„ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა ექსკლუზიურად Europetime-ს.


(TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.