დეოლიგარქიზაციის კანონზე ვენეციის კომისიასა და ევროკომისიას ერთმანეთში წინააღმდეგობა აქვთ, როგორც კი დალაგდებიან, ჩვენი მხრიდან მაშინვე იქნება გადაწყვეტა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ გვჭირდება, რომ 12-პუნქტიანი გეგმიდან ამოღებულ იქნეს ჩანაწერი დეოლიგარქიზაციის თაობაზე, რადგან ჩანაწერი დეოლიგარქიზაციის შესახებ ნიშნავს პერსონალიზებული მიდგომით ამ საკითხის მოწესრიგებას. აქედან გამომდინარე, დაველოდებით დეკემბერს, როდესაც ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ გადახედავს ამ 12 პუნქტს, შეაფასებს 12 პუნქტის განხორციელებას. როდესაც იტყვიან, რომ ეს საკითხი ამ კანონის გარეშეც არის მოწესრიგებული, ამ შემთხვევაში უკვე, კანონი გაუქმდება“, – აღნიშნა კობახიძემ.
- ევროკავშირი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს მხარს უჭერს
- როგორც კი ევროკომისია თავისი 12 პუნქტიდან დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს ამოიღებს, მაშინვე გავაუქმებთ ამ კანონს - კობახიძე
გასული წლის 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია იყო, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდა პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე.
- უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
დოკუმენტში დეოლიგარქიზაციაზეც არის ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.
გასული წლის 24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა.