გერმანიის განაცხადი საფრანგეთის უპრეცედენტო ნაბიჯის შემდეგ: NATO-მ უკრაინას გაწევრიანების გზაზე შესაძლოა, გარკვეული დაბრკოლებები მოუხსნას

NATO-ს მოკავშირეები შესაძლოა, მზად იყვნენ უკრაინის სამხედრო ალიანსისკენ მიმავალი გზიდან გარკვეული დაბრკოლებების მოსახსნელად, განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა პარასკევს, ვილნიუსისს სამიტამდე რამდენიმე კვირით ადრე, რომელიც მიზნად ისახავს გადალახოს უთანხმოება კიევის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

მას ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ აშშ ღიაა, ნება დართოს კიევს, უარი განაცხადოს NATO-ს წევრობის კანდიდატის მოსაპოვებლად საჭირო ოფიციალურ პროცესზე, რომლებიც წარსულში სხვა ქვეყნებისთვის სავალდებულო იყო.

„მზარდი ნიშნებია იმისა, რომ ყველა შეძლებს ამასთან დაკავშირებით შეთანხმებას. მე ვიქნები ღია ამისთვის“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

თავის მხრივ, გამოცემა Axios-ის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მხარს უჭერს NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის წინადადებას, რომ უკრაინას არ სჭირდება „წევრობის სამოქმედო გეგმა“ (MAP) ალიანსში გასაწევრიანებლად და ის ომის შემდეგ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების გზის შემსუბუქების გეგმას ემხრობა.


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მხარს უჭერს NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის წინადადებას, რომ უკრაინას არ სჭირდება „წევრობის სამოქმედო გეგმის“ (MAP) განხორციელება ალიანსში გასაწევრიანებლად. ამის შესახებ Axios-ი ჯო ბაიდენსა და იენს სტოლტენბერგს შორის გამართული მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულ ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

წყაროების ცნობით, სამშაბათს თეთრ სახლში, ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე, სტოლტენბერგმა წამოაყენა წინადადება, რომ უკრაინამ გაწევრიანების გზაზე პროგრესს მიაღწია და არ დასჭირდება მაპ-ის პროცესის ეტაპობრივად დასრულება, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის სხვა წევრებმა გაწევრიანებამდე გაიარეს.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, ბაიდენი ეძებს საკითხის კომპრომისულ გადაწყვეტას, რომელსაც NATO-ს ყველა მოკავშირე დაეთანხმება. ჯერჯერობით უცნობია, დააკმაყოფილებს თუ არა ეს ფორმულირება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და NATO-ს წევრებს.

შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი აგრძელებს NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერას და დასძინა, რომ თითოეულ ქვეყანას საკუთარი გზა აქვს ალიანსში გაწევრიანებისკენ.


აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 15 მაისს მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც პარიზი NATO-ში გაწევრიანებისკენ უკრაინის სვლას მხარს უჭერს. მანამდე, უკრაინული მხარის ცნობით, ზელენსკისა და მაკრონის შეხვედრა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

დეკლარაციაში წერია, რომ NATO-ს ფარგლებში საფრანგეთი აგრძელებს ფოკუსირებას უკრაინის პირდაპირ მხარდაჭერაზე - საფრანგეთი სრულად უჭერს მხარს უკრაინა-NATO-ს კომისიას, როგორც შემდგომი გაძლიერებისა და გაფართოებისთვის პლატფორმას, რომ უკრაინამ ბუქარესტის დეკლარაციის შესაბამისად წაიწიოს წინ, ევროატლანტიკური ოჯახისკენ.

  • იმ ფონზე, რომ უკრაინა NATO-ში გაწევრიანების საგზაო რუკას ითხოვს, 15 მაისს მიღებული დეკლარაცია განსაზღვრავს უკრაინის გზას სრულუფლებიანი წევრობისკენ, მაგრამ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის ეტაპით, რომლითაც კიევი ახლა არ არის კმაყოფილი.

როგორც ცალკე პუნქტი, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ „უკრაინა და საფრანგეთი მოუთმენლად ელიან ამ საკითხების მოგვარებას NATO-ს სამიტზე, ვილნიუსში, 2023 წლის ივლისში“.

დოკუმენტთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ და აღნიშნა, რომ „დეკლარაციის დამტკიცება მსგავსი ფორმულირებით ადრე უბრალოდ, შეუძლებელი იყო“.

„საფრანგეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ევროატლანტიკურ ოჯახამდე მისასვლელად, მათ შორის უსაფრთხოების საერთო ინტერესების ხელშესაწყობად". საფრანგეთი და უკრაინა მოუთმენლად ელიან ამ საკითხების მოგვარებას NATO-ს სამიტზე ვილნიუსში 2023 წლის ივლისში. საფრანგეთთან დამტკიცებულმა ერთობლივმა დეკლარაციამ საშუალება მისცა უკრაინას, გააძლიეროს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხმა ევროატლანტიკური მიმართულებით.
საფრანგეთთან ასეთი დეკლარაციის მიღების ფაქტი და თან მსგავსი ფორმულირებით, ადრე უბრალოდ შეუძლებელი იყო დღეს კი საფრანგეთი გახდა მე-18 სახელმწიფო, რომელთანაც ერთობლივი განცხადებები გვაქვს NATO-ში გაწევრიანების შესახებ“, - ამბობს ჟოვკვა.

კიევი ამ ნაბიჯს მნიშვნელოვნად თვლის იქედან გამომდინარე, რომ საფრანგეთი ევროკავშირის და NATO-ს დამფუძნებელი სახელმწიფო, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ავტორიტეტი, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა და უდიდესი სამხედრო ძალაა ევროკავშირში.

ევროპის დედაქალაქებში მოგზაურობის ფარგლებში, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსგავსი ფორმულირებით დეკლარაციები მიიღო იტალიისა და გერმანიის ლიდერებთანაც.

უკრაინის პრეზიდენტი იტალიაში, გერმანისა და საფრანგეთში ვიზიტის შემდეგ, 15 მაისს ჩავიდა ლონდონში.


რას ელის კიევი ვილნიუსის სამიტისგან

უკრაინა NATO-ში გაწევრიანების საგზაო რუკას ითხოვს. 28 აპრილის ინტერვიუს დროს, მიხაილო პოდოლიაკი, ვილნიუსის სამიტში მონაწილეობის ერთადერთ პირობას ასახელებდა.

„ვილნიუსის სამიტში უკრაინის ინტენსიური მონაწილეობის ერთადერთი პირობაა NATO-ს სამხედრო ალიანსში გაწევრიანების კონკრეტული ლოგისტიკური ზუსტი გეგმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის... ჩვენ გვინდა, მივიღოთ კალენდარული გეგმა, თუ როდის ვიქნებით ალიანსში - რამდენი დრო დაგვჭირდება გარკვეული ბიუროკრატიული პროცედურების, ან გაწევრიანების ლოგისტიკური გეგმის გასავლელად“, - ამბობდა პოდოლიაკი.


მისივე თქმით, ყველას ესმის, რომ მიღების პროცედურები ომის დროს ვერ წარიმართება, მაგრამ როგორც კი ომი უკრაინის პირობებით დასრულდება, უკრაინა ძალიან მოკლე დროში უნდა გაწევრიანდეს NATO-ში. 

„მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე ყველაფერი ნათლად არის გაწერილი ალიანსში გაწევრიანების ბიუროკრატიულ პროცედურასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.

ის მიიჩნევს, რომ საგზაო რუკა უკრაინის გაწევრიანების პროცედურასთან დაკავშირებით, ზუსტად ვილნიუსში უნდა ჩამოყალიბდეს.

20 აპრილს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ვილნიუსში სამიტისგან პოლიტიკურ მიწვევას ელოდება. ეს პირადად განუცხადა ზელენსკიმ NATO-ს გენდმივანს, რომელიც კიევში პირველად ჩავიდა ომის დაწყების შემდეგ და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. სტოლტენბერგის თქმით, ყველა მოკავშირე თანხმდება უკრაინის გაწევრიანებაზე, მაგრამ ახლა NATO-ს მთავარ ფოკუსშია უკრაინის გამარჯვება.


უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი საჯარო დებატების საგანი გახდა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკისა და უკრაინის საზღვრებსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ჯარების მნიშვნელოვანი კონცენტრაციის ფონზე. კერძოდ, რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრამდე ულტიმატუმის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი NATO-ს მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საჯარო უარი იყო, კრემლი ითხოვდა გარანტიებს აღმოსავლეთით NATO-ს არგაფართოების შესახებ.

28-30 ივნისს, მადრიდში NATO-ს სამიტი გაიმართა. NATO-ს მიერ სამიტზე მიღებული ახალი სტრატეგიული კონცეფცია უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკას ადასტურებს.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო -2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა.