აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი პეკინში ჩავიდა. ეს ამერიკელი დიპლომატის პირველი ვიზიტი ჩინეთში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ვიზიტის მიზანს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზება წარმოადგენს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი მაღალ დონეზე საკომუნიკაციო ხაზების აღდგენაა. ენტონი ბლინკენი შეხვდება ჩინელ კოლეგას და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.
შეგახსენებთ, ენტონი ბლინკენი პეკინში ვიზიტს ხუთი თვის წინათაც გეგმავდა, თუმცა მაშინ შტატების სივრცეში ჩინური საჰაერო ბურთების შესვლამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაამწვავა.
CNN-ის თანახმად, ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, ორივე მთავრობის ოფიციალურ პირებს ვიზიტის მიმართ დაბალი მოლოდინები აქვთ, მაგრამ ბლინკენმა პირობა დადო, რომ ჩინეთის ხელისუფლების ოფიციალურ პირებთან მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის უკრაინის ომზე, „აშშ-ის ძალიან რეალურ შეშფოთებასთან“ დაკავშირებით ისაუბრებს.
ჩინეთმა რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა დოკუმენტი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის „პოლიტიკური მოგვარების“ შესახებ, რომელმაც დასავლეთის კრიტიკად დაიმსახურა იმის გამო, რომ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი რუსეთის მიერ უკრაინიდან ჯარების გაყვანაზე, როგორც ომის დასრულების გზაზე.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უახლოეს მომავალში სი ძინპინთან შეხვედრის იმედი გამოთქვა.
აშშ მთავარ გეოპოლიტიკურ გამოწვევად ჩინეთს მიიჩნევს.
კონტექსტი:
- პეკინი: სერიოზულად შეშფოთებულები ვართ კახოვკის კაშხლის განადგურების გამო
- პეკინი მზადაა, ჩინეთისა და უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობას შორის კონტაქტები გააფართოოს
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, გერმანიამ ეროვნული უსაფრთხოების შესახებ სტრატეგიაში ჩაწერა, რომ ჩინეთს განიხილავს, როგორც „პარტნიორს, კონკურენტს და სისტემურ კონკურენტს“ და აღნიშნა, რომ ბერლინმა დაინახა, რომ „მეტოქეობისა და კონკურენციის ელემენტები გაიზარდა ბოლო წლებში; ამავდროულად, ჩინეთი რჩება პარტნიორად, რომლის გარეშეც ბევრი, ყველაზე აქტუალური გლობალური გამოწვევის გადაწყვეტა შეუძლებელია“.
გერმანიის მთავრობა ჩინეთთან დაკავშირებით კონკრეტულ სტრატეგიას ადგენს. მთავრობამ განაცხადა, რომ ასევე შეიმუშავებს სტრატეგიას და მისი დაზვერვის სამსახურების ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერებით გაზრდის გერმანიის შესაძლებლობას, დაუპირისპირდეს ჰიბრიდულ საფრთხეებს.
ცნობისთვის, 17 მაისს გამართულ შეხვედრაზე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ჩინეთის სპეცწარმომადგენელს, ლი ჰუის დეტალურად გააცნო უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე დაფუძნებული სტაბილური და სამართლიანი მშვიდობის აღდგენის პრინციპები. მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მიუღებელია წინადადება, რომელიც გულისხმობს მისი ტერიტორიების დაკარგვას ან კონფლიქტის გაყინვას.
„მხარეებმა ცალ-ცალკე განიხილეს უკრაინასა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივები და შეთანხმდნენ დიალოგის გაზრდაზე ორმხრივი და საერთაშორისო დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე“, - აღნიშნულია უკრაინული მხარის ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ მაისის დასაწყიში, ჩინეთმა გაეროში მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელშიც რუსეთს აგრესორს უწოდებენ.
მანამდე ჩინეთი თავს იკავებდა მოსკოვის ქმედებების კრიტიკისგან და „ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებით“, მშვიდობის მიღწევის აუცილებლობაზე საუბრობდა. თავად ჩინეთის წარმომადგენლებმა აღნიშნულ კენჭისყრასთან დაკავშირებით, კომენტარი არ გააკეთეს.
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მოსკოვს მარტის ბოლოს ეწვია. მან პეკინსა და მოსკოვს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მეგობრობის შესახებ ისაუბრა.
უფრო ადრე, დასავლეთის ქვეყნებმა გამოთქვეს შიშები, რომ ჩინეთმა შესაძლოა, რუსეთისთვის იარაღის მიწოდება დაიწყო, მაგრამ მას შემდეგ პეკინის პოზიციის ცვლილება უკრაინის ომთან დაკავშირებით, არ შეინიშნება.
ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ, სი ძინპინმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.