სანქციების იმპლემენტაციის დარგში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო'სალივანი კიევში ვიზიტით იმყოფებოდა.
დევიდ ო'სალივანმა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ, ანდრი ერმაკთან საუბრისას, ყურადღება გაამახვილა მის კომუნიკაციებზე იმ ქვეყნების ლიდერებთან, რომლებიც ცოტა ხნის წინ მოინახულა - სალივანმა ერმაკს რუსეთთან იარაღისა და ორმაგი დანიშნულების საქონლის ვაჭრობის შეზღუდვის ღონისძიებებზე მოლაპარაკების შედეგებიც გააცნო. ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ერმაკი დაარწმუნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.
„თანამოსაუბრეებთან განვიხილე, როგორ უნდა გავაუმჯობესოთ სანქციების გავლენა რუსეთის სამხედრო მანქანაზე, შემოსავალზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი გადაიხდის ძალიან მაღალ ფასს ამ არაპროვოცირებული და სასტიკი ომისთვის“, - განაცხადა თავის მხრივ, სალივანმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში.
სალივანს მის როლზეც დაუსვეს შეკითხვა, რაზეც განმარტა, რომ ის არ არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც ევროკავშირში სანქციების მიმართულებით მუშაობს.
„ჩემი განსაკუთრებული როლია, კომუნიკაცია მესამე ქვეყნებთან, სადაც ჩვენ ვხედავთ სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობას და ვცდილობთ, ვიპოვოთ გზები, რომლითაც შეგვიძლია ამის თავიდან აცილება“, - აღნიშნა სალივანმა.
„არ მინდა ცალკეული ქვეყნების დასახელება, რადგან არ მიმაჩნია სამართლიანად. ეს არის პირადი საუბრები, რომელიც მე მაქვს ამ ქვეყნებთან, რომ ავუხსნა, რა ხდება. შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ქვეყანაში, რომელიც მე მოვინახულე, ვიგრძენი დიდი მხარდაჭერა იმ იდეისადმი, რომ ისინი არ უნდა იყვნენ პლატფორმა სანქცირებული საქონლის რეექსპორტისთვის, რომელიც შესაძლოა, პოტენციურად, სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენონ. არავის სურს ამ ვაჭრობაში ჩაბმა.
რა თქმა უნდა, თითოეული ქვეყნის მდგომარეობა განსხვავებულია. ზოგიერთ მათგანს რუსეთთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს, ნაწილი ევრაზიის ეკონომიკური გაერთიანების წევრია. ზოგიერთ მათგანს რუსეთში მომუშავე მიგრანტების დიდი რაოდენობა ჰყავს და ისინი დამოკიდებულნი არიან ფულად გზავნილებზე“, - განაცხადა სალივანმა და ხაზი გაუსვა, რომ ყველა ქვეყანაში განსხვავებული სიტუაციაა, რაც სენსიტიურ მიდგომას საჭიროებს, მთავარი კი ისაა, რომ არავის სურს, სანქციების გვერდის ავლის პლატფორმა გახდეს.
სალივანი უკვე იმყოფებოდა თურქეთში, უზბეკეთსა და ყაზახეთში.
ინფორმაციისთვის, სანქციების იმპლემენტაციის დარგში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო'სალივანი საქართველოს 26-28 ივნისს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს ევროკომისიის სპიკერმა დაუდასტურა.