„პრიგოჟინის ამბოხების“ შემდეგ, პუტინი პირველი ვიზიტით დაღესტანში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოთხშაბათს დაღესტნის ქალაქ დერბენტს ეწვია.

უცნობია, ეს ვიზიტი „აჯანყებამდე“ იგეგმებოდა თუ არა. 

ოფიციალურად, ქალაქში ჩასვლის მიზეზად ტურიზმის განვითარება დასახელდა.

ხსენებული თემისადმი მიძღვნილი შეხვედრის დასასრულს, პუტინი რამდენიმე ათეული ადამიანის ჯგუფს მიუახლოვდა, ძირითადად, ქალებსა და ბავშვებს. მათგან ზოგიერთს ხელი ჩამოართვა.

ოფიციალურად გავრცელებული მასალის თანახმად, პუტინი მხოლოდ ერთხელ შეეხო აჯანყების თემას და განაცხადა, რომ ეჭვი არ ეპარებოდა დაღესტნის ხალხის მხარდაჭერაში, თუმცა რაში გამოიხატა ეს მხარდაჭერა, მან არ დააკონკრეტა.

მედია პუტინის მოგზარუობას უჩვეულოდ მიიჩნევს, განსაკუთრებით ბოლო წლებში, როდესაც მრავალი ცნობის თანახმად, პუტინთან შეხვედრამდე ადამიანები ერთი-ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ კარანტინში, ან მასთან ვიზიტით მყოფები დისტანციას იცავდნენ.


დასავლეთის შეფასებით, რუსეთში არეულობა აჩვენებს პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში გაჩენილ ბზარებს და ჩავარდნას თითქმის „ყველა ფრონტზე“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და „პრიგოჟინის ამბოხს“ უწოდა „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის“.

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თანახმად, კრემლი ახლა ღრმად არასტაბილური წონასწორობის წინაშე დგას. მიღწეული შეთანხმება არის მოკლევადიანი გამოსავალი და არა პრობლემის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში.

ანალიტიკოსების შეფასებით, პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა.


ცნობისთვის, PMC Wagner-ი 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს. 

ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში.

უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მათ ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ.

2023 წლის იანვარში, აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მთელი მისი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა.

„დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამი იყო აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.