ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ისრაელის ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების მინისტრს მირი რეგევს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საუბარი წარიმართა ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებზე, მათ შორის, თანამშრომლობის გაღრმავებაზე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, აგრეთვე საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით.
აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა არსებული და ახალი სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარება. აღნიშნული მიზნით, ქართული მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობა ანიჭებს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის საკითხს“, - აცხადებს ეკონომიკის სამინისტრო.
მისივე თანახმად, მხარეებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავებაზე საქართველოსა და ისრაელის საზღვაო სასწავლებლებს შორის.
ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე სამოქალაქო ავიაციის სფეროში. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის პირდაპირი რეგულარული რეისების შედეგად 2023 წლის იანვარ-მაისის პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 32.7%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
- დავითაშვილის თქმით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინტერესი რამდენიმე საერთაშორისო კომპანიამ გამოხატა
- ანაკლიის პორტის მშენებლობა დაიწყება წელს, სერიოზული ინვესტორისგან გამოითქვა ინტერესი - პრემიერი
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორმხრივი ვაჭრობის დინამიკა. ითქვა, რომ მიმდინარე წლის პირველ მაისს, ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობის კვლევის დასრულებასა და მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით და მოლაპარაკებების პირველი რაუნდის გამართვა 2024 წელსაა დაგეგმილი.
შეხვედრის დასასრულს, ლევან დავითაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების მინისტრი მირი რეგევი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მოიწვია.
შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი და ისრაელის სახელმწიფოს ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი.
ცნობისთვის, საქართველოს ხელისუფლებას გაცხადებული აქვს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება შემოდგომისთვის სურს. ბოლო განცხადება ამის შესახებ 19 აპრილს გაკეთდა.
უფრო ადრე, 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება.
ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს.
ვაშინგტონის შეფასებით, პორტის განვითარებას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კურსის განსაზღვრაში შავ ზღვაზე. აშშ-ის ოფიციალური პირები Europetime-თან ამბობენ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს.
ანაკლიის პორტის პროექტის მნიშვნელობაზე Europetime-თან საკუთარი პოზიცია გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმაც დაფიქსირა.
„ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცეტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის.
ელჩის შეფასებით, რაც უფრო მეტ სტრატეგიულ განვითარებას დაინახავენ, მით უფრო მეტი გერმანული კომპანია დაინტერესდება საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით.
„ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცეტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის, რომელსაც ექნება სავაჭრო და სატრანსპორტი მარშრუტები და ამასთან ერთად, ბიზნესიც...ბევრი რამ იწყება პორტებით, პორტებით შავ ზღვაში, პორტებით კასპიის ზღვაში..
ჩემთვის არ არის ცნობილი კონკრეტული გერმანული კომპანიის შესახებ, თუმცა გვყავს კარგი კომპანიები, რომლებიც ჩართულნი არიან პორტებში, ლოგისტიკაში. ზოგი ამბობს, რომ გერმანია მსოფლიო ჩემპიონია ლოგისტიკაში.
რაც უფრო მეტ სტრატეგიულ განვითარებას დაინახავენ, მით უფრო მეტი გერმანული კომპანია დაინტერესდება აქ ჩამოსვლითა და ინვესტიციების განხორციელებით. თუ საქართველო დამაკავშირებელი ჰაბი გახდება, ეს სამუშაო ადგილებს შექმნის, ინვესტიციებსა და მეტ სარგებელს მოიტანს“, - აცხადებს გერმანიის ელჩი Europetime-თან.
-
ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა
-
ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა
-
ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის
-
პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია
2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.
მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი.
საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 20 თებერვალს განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ოფიციალურ მოქმედებებს იწყებს.