NATO-ში აშშ-ის ელჩი, ჯულიან სმიტი ამბობს, რომ „ძალიან რთულია“ შეთანხმება უკრაინის ალიანსში გაწევრიანების ვადაზე, ვიდრე ქვეყანა ჯერ კიდევ ომშია.
„თვითონ უკრაინელებიც კი გეტყვიან, რომ მათ შემდგომი რეფორმები სჭირდებათ. მათ მიაღწიეს კარგ პროგრესს დემოკრატიული და უსაფრთხოების სექტორის სხვადასხვა რეფორმაში, მაგრამ მოუწევთ, გააგრძელონ მუშაობა ამ მიმართულებით," - განუცხადა სმიტმა CNN-ს.
სმიტმა გაიმეორა, რომ უკრაინამ უკვე გადადგა პოზიტიური ნაბიჯები, რამაც გაწევრიანების პროცესის გამარტივება განაპირობა.
კითხვას, აძლევს თუ არა უკრაინის პოზიცია და კონკრეტული ვადების არარსებობა რუსეთს ბრძოლის გაგრძელების სტიმულს, სმიტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოკავშირეებმა უკვე აიღეს ვალდებულება უკრაინის მომავლის მიმართ NATO-ში.
„პუტინი ვარაუდობდა, რომ დასავლეთი სხვა მიმართულებით წავიდოდა და ის საბოლოოდ დაკარგავდა ინტერესს უკრაინის მიმართ. რეალობა კი ის არის, რომ ჩვენ ამ ომის 500-ე დღეს, აქ ვართ. არავინ არსად წასვლას არ აპირებს“, - განაცხადა სმიტმა.
რაც შეეხება უკრაინისთვის MAP-ის მოხსნასთან დაკავშირებულ საკითხს, ამ საკითხით სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტები დაინტერსდნენ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიერის, მეთიუ მილერის შეფასებით, წევრობის სამოქმედო გეგმის ამოღება კიევისთვის, აღიარებაა იმ ნაბიჯების, რომლებიც უკრაინამ ბოლო წლების განმავლობაში გადადგა - განსაკუთრებით სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, მზარდი თავსებადობისა და პოლიტიკურად ინტეგრაციისთვის.
მილერი ხაზს უსვას, რომ არსებობს მთელი რიგი პირობები ანტიკორუფციული ღონისძიებებისა, და დემოკრატიის გაძლიერების გარშემო.
„ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ NATO-ს წევრები მზად არიან, დაეხმარონ უკრაინას ამ პირობების შესრულებაში, როგორც ჩვენ ვეხმარებით მათ სამხედრო ძალების გაძლიერებაში...ჩვენ მზად ვართ, უკრაინას გავუგზავნოთ მოწვევა (NATO-ში, რედ), როდესაც პირობები დაკმაყოფილდება. ჩვენ ვიღებთ ამ ვალდებულებებს უკრაინის წინაშე, რადგან თავად უკრაინამ აჩვენა, რომ მან მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა. მან გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები სამხედრო სფეროში,“ - აღნიშნა მილერმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ვილნიუსის სამიტიდან მხოლოდ წევრობის საკითხი არ არის მნიშვნელოვანი. მილერის თქმით, უკრაინა ომშია რუსეთთან და აშშ განაგრძობს მისთვის უსაფრთხოების დახმარებას, რომელიც უკრაინას ამ ომის მოგებაში სჭირდება. ეს არის ნომერ პირველი სამუშაო, ყველაფერზე მნიშვნელოვანი,“ - აღნიშნავს მილერი.
„ნომერ მეორე სამუშაოა, უზრუნველყოფილი იყოს მათი უსაფრთხოების გრძელვადიანი დახმარება, რათა მათ შეძლონ თავდაცვის სექტორის აღდგენა, რათა უზრუნველყონ გრძელვადიანი შემაკავებელი ეფექტი. ამის შემდეგ ვაპირებთ, გავაგრძელოთ დისკუსია მათთან იმ რეფორმების შესასრულებლად, რომლებიც, ჩვენი აზრით, უნდა გაატარონ, რათა გახდნენ სრულუფლებიანი წევრი,“ - აღნიშნა მილერმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას შეფასებით, NATO-მ „მთელი სიტუაცია და უკრაინა გაურკვევლობაში არ უნდა დატოვოს, როდესაც საქმე ალიანსში გაწევრიანებას ეხება“.
კულებას განმარტებით, უკრაინა ვადებთან დაკავშირებით NATO-ს წევრებთან მუშაობას გააგრძელებს
მინისტრი ხაზს უსვამს, რომ უკვე ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ კიევმა მიიღოს მიწვევა ვილნიუსის სამიტზე და უკრაინა ვადებთან დაკავშირებით NATO-ს წევრებთან მუშაობას გააგრძელებს და რაც უფრო მოკლე იქნება ეს ვადები, მით უკეთესი იქნება ყველასთვის.“