ზელენსკი: დარწმუნებული ვარ, ომის დასრულების შემდეგ უკრაინა იქნება NATO-ში

ვილნიუსის სამიტი სრულდება. სამიტზე ცნობილი გახდა, რომ უკრაინა NATO-ში წევრობის სამოქმედო გეგმის გარეშე გაწევრიანდება.

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს.

ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება.


ვოლოდიმირ ზელენსკიმ მანამდე ისაუბრა, რა მოლოდინები აქვს „დიდი შვიდეულისგან“, რა გარანტიებს მისცემენ უკრაინას.

„ჩვენი პარტნიორებისგან უსაფრთხოების რეალური გარანტიები არ გვაქვს, ვგულისხმობ იურიდიულ გარანტიებს. გვაქვს ფინანსური გარანტიები, არის გარანტიები სანქციების სახით, არის დახმარება, თავდაცვითი მხარდაჭერა და შეიძლება, ეს იყოს პირველი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ასახავს იმ ფაქტს, რომ ჩვენ გვაქვს ერთგვარი უსაფრთხოების ქოლგა, პირველი დოკუმენტი.

შემდეგ კი უკრაინას ექნება დოკუმენტები უსაფრთხოების თითოეულ გარანტორ სახელმწიფოსთან რეალური ურთიერთობის შესახებ და იქნება ყველაფერი, რაც გვაქვს ან გვაკლია დღეს: საჰაერო თავდაცვა, ავიაცია და ა.შ. ეს აუცილებლად იქნება ორმხრივ დონეზე“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ახლა ყველა ეს ასპექტი განიხილება ორმხრივ დონეზე.

„უსაფრთხოების ქოლგა გაწევრიანების საშუალებას მისცემს სხვა ქვეყნებსაც. ასე რომ, ყველა პარტნიორისთვის ეს იქნება გაწევრიანების შესაძლებლობა. საუბარი დავიწყეთ ყველა პარტნიორთან, რომლებიც უკვე მეგობრობენ ჩვენთან, მაგრამ არ არიან „დიდი შვიდეულის“ ნაწილნი. ვფიქრობ, ეს მართლაც მნიშვნელოვანი დამატებითი ნაბიჯია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, აშშ-ის კონგრესისა და ამერიკელი ხალხის, რომლებიც ნამდვილად ლიდერები არიან უკრაინის დახმარებაში. არ ვაპირებ, მოვძებნო არგუმენტები, რათა დავადასტურო, რომ ბაიდენს სურს უკრაინის ხილვა NATO-ში. ეს არგუმენტები უნდა იყოს ორმხრივი.

ეს ეხება ევროპის კონტინენტის აღმოსავლეთის უსაფრთხოებას და NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოებას. მჯერა, ჩვენ NATO-ს ვჭირდებით, ისევე როგორც ჩვენ გვჭირდება NATO დარწმუნებული ვარ, ეს სამართლიანია და ომის დასრულების შემდეგ უკრაინა იქნება NATO-ში. ამის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ. ჩვენ აშშ-სთან გვაქვს ერთნაირი ხედვა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.