სტრატეგიის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი შავი ზღვის რეგიონს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რაიმე საფრთხეებისა და მავნე ზეგავლენისგან თავისუფალ სივრცედ განიხილავს. ამასთან, სტრატეგიის მიხედვით, აშშ შავი ზღვის რეგიონს უსაფრთხო, წარმატებულ და ეკონომიკური ზეწოლისგან თავისუფალ ადგილად მოიაზრებს.
როგორც Europetime-სთვის არის ცნობილი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ხსენებული სტრატეგიის შესახებ დოკუმენტი კონგრესს უკვე წარუდგინა.
აშშ-ის კონსტიტუცია უფლებას აძლევს კონგრესს, რომ ზედამხედველობა გაუწიოს აშშ-ის საგარეო პოლიტიკას, თუმცა კონგრესი ამ პოლიტიკას არ აყალიბებს. სახელმწიფო მდივანი კონგრესთან დეპარტამენტის ურთიერთობში მთავარი წარმომადგენელია. საკანონმდებლო საქმეთა ბიურო მხარს უჭერს სახელმწიფო მდივანს საიმისოდ, რომ ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები საკანონმდებლო პროცესში აისახოს.
„როგორც წესი, ჩვენ არ განვიხილავთ კონგრესთან ჩვენი კომუნიკაციის დეტალებს“, - განუცხადეს Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტში.
რაც შეეხება სტრატეგიას, ის მოუწოდებს სააგენტოებს შეერთებული შტატების მთავრობაში, ითანამშრომლონ პარტნიორებთან ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე, რათა უზრუნველყონ რეგიონული უსაფრთხოება, გააძლიერონ რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა, უზრუნველყონ სუფთა და უსაფრთხო ენერგია, გააძლიერონ კანონის უზენაესობა, ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების პატივისცემას, ებრძოლონ კორუფციას და დეზინფორმაციას.
„შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის მეშვეობით, შეერთებული შტატები გააძლიერებს ჩვენს პარტნიორობას, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობასა და კეთილდღეობას ყველასათვის. სტრატეგია ასევე ასახავს ჩვენს მიდგომას, რომელიც უკრაინაში რუსეთის სასტიკი სრულმასშტაბიანი შეჭრის გრძელვადიანი შედეგების მყისიერ აღმოფხვრას გულისხმობს,“ - განუცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ს.
ცნობისთვის, სენატორი შაჰინი აშშ-ის სენატში უძღვება ორპარტიული კანანონმდებლობის შემუშავების პროცესს, რომელმაც შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის პოლიტიკა უნდა განსაზღვროს. ჯინ შაჰინი მიიჩნევს, რომ სტრატეგია ორიენტირებული უნდა იყოს უკრაინაზე, რუმინეთზე, ბულგარეთზე, მოლდოვასა და საქართველოზე და შავი ზღვის რეგიონის ამ ქვეყნების მიმართ უსაფრთხოების დახმარების გაზრდაზე.
ის მიიჩნევს, რომ ევროკავშირისა და NATO-ს აღმოსავლეთ საზღვართან, რუსეთის მიერ 2014 და 2022 წლებში უკრაინაში, ხოლო 2008 წელს საქართველოში სამხედრო შეჭრის შემდგომ, შავი ზღვის რეგიონი მზარდი დაძაბულობისა და კონფლიქტის ზონად რჩება. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის, კერძოდ, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
აღსანიშნავია, რომ სენატორ შაჰინის და მისი კოლეგების მიერ სენატისთვის წარდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს, უკრაინის, რუმინეთისა და ბულგარეთის სამხედრო მხარდაჭერის ზრდას და ასევე, ხაზს უსვამს რეგიონის ქვეყნებთან აშშ-ის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას.
22 მარტის საკომიტეტო მოსმენისას, სენატორი შაჰინი დაინტერესდა, რა ეტაპზეა სტრატეგიის შემუშავება და როგორ დაეხმარება ის შეერთებულ შტატებს უფრო მეტად ჩართულობისთვის. შესაბამისი შეკითხვით მან სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენს მიმართა.
ბლინკენმა საპასუხოდ განაცხადა, რომ შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგია სავარაუდოდ, ივნისისთვის იქნებოდა მზად.
„ჩვენ ორიენტირებულნი ვართ ბევრად უფრო ყოვლისმომცველ მიდგომაზე შავი ზღვის რეგიონის მიმართ. მოგეხსენებათ, ექვსი ქვეყანაა, მათგან სამი NATO-ს წევრია და სხვები, როგორიცაა უკრაინა, აშკარად მნიშვნელოვანი მეგობრები არიან შეერთებული შტატებისთვის.
სტრატეგია ფოკუსირებული იქნება არამხოლოდ უსაფრთხოების ასპექტებზე, არამედ, პოლიტიკური ჩართულობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობაზე, მათ შორის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაზე. ეს საკითხები კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონის ყველა ქვეყნისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია დემოკრატიული მდგრადობის შენება, რადგან რთული სამეზობლოა“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.
შეგახსენებთ, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა (2014-2017), გენერალმა ბენ ჰოჯესმა Europetime-თან განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება, შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი იქნება.
ცნობილია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ანაკლიის პორტის განვითარებას. ხსენებულ საკითხზე Europetime-თან არაერთხელ ისაუბრეს როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, ასევე სხვა მაღალჩინოსნებმა.
ასევე წაიკითხეთ:
-
ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა
-
ექსკლუზივი - კონგრესმენი ალექს მუნი: ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა
-
სენატორი რობ პორტმანი ანაკლიაზე: პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის
-
NATO შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება
- კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი