საერთაშორისო საზოგადოება რუსეთს ევროსასამართლოს გადაწყვეტილების სათანადოდ შესრულებისკენ მოუწოდებს

საერთაშორისო საზოგადოება საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, ევროსასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, როგორც „წონიან არგუმენტს“ იყენებს ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძისადმი მიძღვნულ მოთხოვნა/განცხადებებში. ის რომ, საქართველოს პარტნიორების მოწოდებებს კიდევ უფრო გაამყარებდა ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, ამერიკის საელჩოს განცხადებაშიც გამოჩნდა, რომელშიც ვკითხულობთ:

საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევები. ეს განცხადება ამერიკის საელჩომ 21 იანვარს გაავრცელა, რითაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა და აღნიშნა, რომ „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის სარჩელში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება მკაფიოდ საქართველოს სასარგებლოდ მიიღო და რუსეთი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მრავალი მუხლის დარღვევაში პასუხისმგებლად ცნო, მათ შორის ცალკეული პირების დაკავებასა და წამებაში.

თავის მხრივ, სახელმწიფო დეპარტამენტმაც გააგრძელა ეს ხაზი, როდესაც განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საერთაშორისო საზოგადოებას დამატებით წონიან არგუმენტს აძლევს: „რათა მათ რუსეთისგან მოითხოვონ, შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. რუსეთი უნდა დაემორჩილოს საერთაშორისო ვალდებულებებს“.

ეს პათოსი გაჩნდა ნატოს განცხადებებშიც. ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ აძლიერებს მოწოდებას რუსეთის მიმართ, რომ პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

ევროკავშირის განცხადებით, სამართლიანობის მიღწევა და პასუხისმგებლობა კონფლიქტის მოგვარების მნიშვნელოვანი ნაწილია, ევროკავშირი რუსეთის ფედერაციას ევროსასამართლოს გადაწყვეტილების სათანადოდ შესრულებისკენ მოუწოდებს.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე მიუთითეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმაც, როდესაც ზაზა გახელაძის უკანონო დაკავებაზე განცხადება გამოაქვეყნეს.

„ეს არის უკანონო სასამართლოს მიერ გამოტანილი უკანონო განაჩენი. ჩვენ ბატონი გახელაძის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოვუწოდებთ. ამ მხრივ, გვინდა, ხაზი გავუსვათ რუსეთის, როგორც საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონზე კონტროლის მქონე ქვეყნის პასუხისმგებლობას, როგორც ეს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის განჩინებაშია აღნიშნული“, - აღნიშნულია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინის საგარეო უწყების განცხადებით კი, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე. უკრაინის საგარეო უწყებამ ამ განცხადებით დაგმო ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება, 12-ზე მეტი წლით გააგრძელოს საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის პატიმრობა.

„მოუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიერონ საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე, რათა აიძულონ მას, შეწყვიტოს აგრესია საქართველოს და უკრაინის წინააღმდეგ და მოახდინოს მათი სუვერენული ტერიტორიების დეოკუპაცია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სამომავლოდ, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება რომ ალბათ თავის როლს ითამაშებს, ამას საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი, გიორგი გობრონიძეც ვარაუდობს, თუმცა ის მიიჩნევს, რომ ამ თემას შედარებით ნაკლები ყურადღება ეთმობა.

Europetime-თან საუბრისას გიორგი გობრონიძე ამბობს, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ადგენს ცხინვალის რეგიონზე რუსულ ეფექტურ კონტროლს, რაც ოკუპაციის კიდევ ერთი ფაქტობრივი გამოხატულებაა და მეორე, დარღვეული უფლებები ერთობლიობაში მიუთითებს ქართველთა წინააღმდეგ განხორციელებულ ეთნოწმენდაზე.

„სამწუხაროდ ცხინვალის რეგიონში, ან გადაწყვეტილებას არ აქვს არავითარი წონა რამდენადაც ცხინვალისთვის მთლიანობაში მოსკოვის პიზიცია თამაშობს გადამწყვეტ როლს. მოსკოვი თავის მხრივ ცდილობს, ეს მართლაც სერიოზული გადაწყვეტილება დამახინჯებულად წარუდგინოს საზოგადოებას. სამომავლოდ ეს გადაწყვეტილება ითამაშებს ალბათ თავის როლს, მაგრამ დღეს რასაც ვუყურებთ, ამ თემას შედარებით ნაკლები ყურადღება ეთმობა. ზოგადად, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბიბილოვის ქვეშ ეთნოკრატიულმა პოლიტიკამ, რასაც საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ, ბევრად უფრო საშიში სახე მიიღო“, - აცხადებს გიორგი გობრონიძე.