კლაუს იოჰანისი: მტკიცედ ვგმობთ რუსეთის თავდასხმებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, რუმინეთთან ძალიან ახლოს

რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა მკაცრად დაგმო რუსული თავდასხმები უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მდინარე დუნაის მახლობლად, რუმინეთის საზღვართან.

ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

„მტკიცედ ვგმობთ რუსეთის ბოლო თავდასხმებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რუმინეთთან ძალიან ახლოს. ეს ბოლო ესკალაცია სერიოზულ რისკებს უქმნის შავ ზღვაში უსაფრთხოებას. ის ასევე გავლენას ახდენს უკრაინის მარცვლეულის შემდგომ ტრანზიტზე და, შესაბამისად, გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე," - წერს იოჰანისი.


ოდესასა და მის შემოგარენზე თავდასხმები 17 ივლისის შემდეგ გაძლიერდა, როდესაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მხოლოდ ჩერნომორსკის პორტში, დაახლოებით 60 000 ტონა მარცვლეული განადგურდა.

თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია.

რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა.


იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“
 
შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა.

ასევე წაიკითხეთ: